19 აპრილი 2024,   22:01
ვრცლად
პრეზიდენტის ინაუგურაცია - თბილისში ყველა ღონისძიება გაუქმდა, თელავში კი ცერემონიას მხოლოდ ერთი პირველი პირი დაესწრება

მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია, მხოლოდ თელავში გაიმართება. რეპეტიციამ, რომელსაც თან ქვემეხების ზალპი ახლდა, ახლომდებარე სახლები დააზიანა. სროლისგან გამოწვეულმა ტალღამ ფანჯრები ჩაამსხვრია და მოსახლეობაში პანიკა გამოწვია. დაზარალებულებთან მოგვიანებით ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდნენ. 

ადგილი, სადაც 16 დეკემბერს, არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი უნდა დადოს, დღეს სალომე ზურაბიშვილმა თავად დაათვალიერა. ნახა ერეკლე მეფის სასახლის ეზოში აშენებული სცენა. რეჟისორმა აუხსნა, სად უნდა დადოს ფიცი და მიესალმოს სტუმრებს. ზურაბიშვილმა დღეს ბატონის სასახლე უკომენტაროდ დატოვა.

თავდაპირველი გეგმა ღონისძიების თბილისში, თელავსა და წინანდალში გამართვის შესახებ შეიცვალა. მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციის წესის შესახებ ახალ ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ახლად არჩეული პრეზიდენტი ვალდებული აღარ არის მთაწმინდაზე, სადაც დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, პოეტები და მწერლები განისვენებენ, ავიდეს და ილიას საფლავი მოინახულეს. საინაუგურაციო ცერემონიიდან ასევე ამოღებულია პარლამენტის ეზოს კომპონენტიც. სავალდებულო ინაუგურაციის დროს მხოლოდ მიმავალი პრეზიდენტის დასწრება ხდება.

პრეზიდენტის ფიცის დადებას 50-მდე პარტნიორი და მეზობელი ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. სტუმრების სიიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი თბილისში მხოლოდ USAID-ის წარმომადგენელს აგზავნის.

პირველი პირის ინაუგურაციას მხოლოდ ერთი პირველი პირი დაესწრება, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, თურქეთის ვიცე პრეზიდენტი, აზერბაიჯანის, სერბეთის, ჩეხეთის ლიეტუვის, პარლამენტების თავმჯდომარეები, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობათა მინისტრი. გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი.

რაც შეეხება საფრანგეთს, რომლის მოქალაქეობაც სალომე ზურაბიშვილის სულ ცოტა ხნის წინ დათმო, ამ ქვეყანას ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრი წარმოადგენენ.

ოპოზიციის თქმით, ასეთი დაბალი რანგის დელეგაციები არც ერთ საინაუგურაციო ცერემონიაზე არ ყოფილა.„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ამბობენ, რომ ამის მიზეზი ძალადობით, შანტაჟითა და მოსყიდვით ჩატარებული არჩევნებია.

ინაუგურაციის ცერემონია თელავში კვირას 3 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. 

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები