25 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
"ქურდულად ისევე, როგორც ჩატარდა არჩევნები, იგივე პრინციპით მოიქცა დღეს მემორიალთან" - ოპოზიცია გმირთა მოედანზე აქციას მართავს

გაერთიანებული ოპოზიცია გმირთა მოედანზე აქციას მართავს. ისინი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებენ და მის გმირთა მოედანზე მისვლას კრიტიკულად აფასებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, დღეს სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, მედიისგან ფარულად მივიდა და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ოპოზიციამ დღეს უკვე გაასაჯაროვა ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ინაუგურაციის ფარგლებში ზურაბიშვილს რომ არ ჰქონოდა შესაძლებლობა გმირთა მემორიალთან მისვლის, ისინი დღეს ღამის გათენებას გეგმავდნენ და მათი შეფასებით, სწორედ ამიტომ მივიდა სალომე ზურაბიშვილი მედიისგან ფარულად მემორიალთან.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება მივიდეს გმირთა მემორიალთან მის მიერ თუნდაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გმირთა მემორიალთან დღევანდელი აქცია სწორედ იმას ემსახურება, რომ ინაუგურაციის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს იქ მისვლა.

„დღეს ვნახეთ წარმოუდგენელი რამ, ქალბატონი, რომელიც პრეზიდენტად დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, მოიპარა გმირების მემორიალზე, ჩუმად, მალულად, დღეს მოვიდა აქ და ინაუგურაციის ფარგლებს გარეთ მოაწყო სხვა ღონისძიება, რომელსაც, ალბათ, რომ არ გადაგვეღო ვიდეოკადრები, ხვალ გვაჩვენებდნენ ისე, როგორც გუშინდელ ფაქტს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ეს აქცია მაინც ჩავატარეთ იმის ნიშნად, რომ ინაუგურაციის ფარგლებში ეს ქალბატონი მემორიალთან ვერ მოვა და ვერ შეძლებს გმირი ბიჭების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი. მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც აფხაზეთი განგრენად მიაჩნია, მორალური უფლება არ აქვს მემორიალთან მისვლის.

„ადამიანი, რომლისთვისაც აფხაზეთი განგრენაა, ადამიანი, რომლისთვისაც რუსეთი არ არის ოკუპანტი და ომი საქართველომ დაიწყო, მორალური უფლებას არ ფლობს, მოვიდეს მემორიალთან და შეამკოს თაიგულით გმირთა სახელები. შესაბამისად, მას ამის უფლებას არ მივცემდით და როგორც მან მოიპარა არჩევნები, დღეს მოიპარა დღევანდელი დღე და ასე ქურდულად. ისევე, როგორც ჩატარდა არჩევნები, იგივე პრინციპით, იგივე წესით მოიქცა დღეს მემორიალთან,“ - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

დღესვე სალომე ზურაბიშვილი. გარდა გმირთა მემორიალისა, ასევე იმყოფებოდა მთაწმინდის პანთეონში.

ხვალ გაერთიანებული ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, თელავში ინაუგურაციის პარალელურად მასშტაბური აქციას გამართავს. დილის რვა საათზე თბილისიდან თელავში ავტომობილებით ათასობით ადამიანი გაემგზავრება. ხვალ 800 ათასი ადამიანის სახელით, ვინც სახელისუფლებო კანდიდატს ხმა არ მისცა, არჩევნების გაყალბებას და გაყალბებული არჩევნების შედეგად ზურაბიშვილის პრეზიდენტად გამოცხადებას გააპროტესტებენ.

დღის ამბები