25 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ფიცი რამდენიმე წუთის წინ დადო. მან მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ის ყველას პრეზიდენტია. მისი თქმით, იზრუნებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს და პოლიტიკური კულტურა ამაღლდეს. 

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა თელვაში ინაუგურაციის ჩატარების მიზანი. მე-5 პრეზიდენტის განცხადებით, თელავიდან კარგად ჩანს ქვეყნისთვის გასავლელი გზა. 

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება - საქართველოს სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ. 

"დღეს როგორც მრავალჯერ თავის ისტორიის განმავლობაში საქართველო, ისევე გზაჯვარედინზე, კიდევ ერთხელ ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. აქ თელავში კარგად ჩანს ჩვენი განვლილი გზა, ბრძოლებით, გამოწვევებით, წარმატებებით. ეს ადგილი ქართველი ერისთვის ისტორიული მეხსიერების ბარათია. მეფე ერეკლე ქვეყნის განვითარებისთვის, ერთიანობისთვის იბრძოდა, თანამედროვე ჯარი შექმნა და არაერთ ბრძოლაში გაიმარჯვა. აქ, თელავში დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას უკავშირდებოდა, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება. საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბვევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის მტრის განზრახვამ, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს ჩვენ წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია,"- განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება არა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ რეგიონში. 

"თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა, ქვეყნის გაერთიანებამ საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს, რომე საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებზე, მადლიერი ვარ ქართული ოცნების, რომელმაც, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას განსხვავებული პოზიცია აქვს, თუნდაც ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი. ვიქნები კანონი უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება გავაძლიეროთ, ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა თელავში სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 

„დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა. უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს ამ მშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო. ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს. უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერების პროცესისკენ, გამყარდა სტაბილურად.

"ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა, სახელმწიფოს განვითარების გზა გადის გაძლიერებულ და გაცოცხლებულ რეგიონებზე. ვფიქრობ, რომ ნიშანდობლივია, დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება არა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ ერთ-ერთ რეგიონში, კახეთში და ეს ჩემი არჩევანია,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა რეგიონის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონებში დიდი პოტენციალია, რაც უნდა წინსვლისთვის გამოიყენონ.

„ჩემი და, დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, მუდმივი ურთიერთობა რეგინებში მცხოვრებ ხალხთან, ისევე, როგორც დღეს ვარ აქ თელაველებთან, მე ჩავალ ყველა რეგიონში, ვიქნები ჩემს ხალხთან. ჩემი არჩევითაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ხმა მისცა ევროპულ გზას. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ, უვიზო მიმოსვლამ ძალიან დიდი პერსპექ2ტივები გაგვიხსნა, დასავლელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს. ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება, საქართველოს შეუფერხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

დღის ამბები