20 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ - სალომე ზურაბიშვილი

„საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ,"- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მე-5 პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერება სჭირდება.

„საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება, ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატო-სთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია... მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის აღიარებისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ნიშნით გაყოფას ცდილობენ.

„როგორც მთავარსარდალმა აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ქალების როლი იზრდება.

„მე ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში. ჩემი პრეზიდენტად არჩევით ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას, უფრო შორს რომ არ წავიდეთ 100 წლის წინ, დემოკრატიული საქართველოს არჩევნებში ქალები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, არჩეულ იქნა 5 ქალი პარლამენტარი. ეს ევროპაში მაშინ იშვიათობა იყო, დღესაც ვდგამთ პროგრესულ ნაბიჯს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის ავღანეთში ჩავა და ჯარისკაცებს შეხვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები