19 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
"პროცესის პოლიტიზირება არ იქნება სასარგებლო არც ერთი მხარისთვის“ - განათლების მინისტრის მოადგილე ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე განათლების სამინისტროში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა.

მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი ამბობს, რომ საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია, უწყება კი მზად არის ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. 

„ამ პროცესის პოლიტიზირება უდავოდ, არ იქნება ამ შემთხვევაში სასარგებლო არცერთი მხარისთვის. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ყველა იმ პროცედურის დაცვით, რომელიც არის, წარვმართოთ ნებისმიერ ფორმატში დისკუსია. ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სამინისტროში და ყველა იმ პროცედურის დაცვით საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ინება ცნობილი“ - აცხადებს ხარატიშვილი. 

ია კერზაიას ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მოთხოვნას, უარის შემდეგ კი მასზე განხორციელებულ ზეწოლას.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ამბობს, რომ დედა საარჩევნო ტერორის დროს მოუკლეს. კერზაიამ ზეწოლას ვერ გაუძლო და ინსულტი განუვითარდა. 

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ „რუსთავი2"-თან თავადაც ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.

შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

დღის ამბები