20 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
"ოპოზიციას ქუჩის პროცესების პარლამენტში შემოტანა სურდა" - გედევან ფოფხაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე 

იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გამოსულმა გედევან ფოფხაძემ ოპოზიცია კომიტეტის დღის წესრიგის შეცვლის და სხდომის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციამ დღეს ორი დღის წინ კახეთში მომხდარ დაპირისპირებასა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძეზე საუბარი სცადა, რისი უფლებაც მათ კომიტეტის თავმჯდომარემ არ მისცა. 

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ იყო და ოპოზიციის ლიდერებს მიკროფონები რამდენჯერმე გამოურთო. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის თქმით, პოლიტიკური განცხადების გაკეთება მხოლოდ იმ საკითხზე შიძლება, რომელიც დღის წესრიგით არის განსაზღვრული.

"ოპოზიციას სურდა, რომ კომიტეტში ქუჩის პროცესების პარლამენტში შემოეტანა," - განაცხადა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, სხდომა კანონიდან გამომდინარე წესრიგის მიხედვით წარმართოს. 

„პოზიცია ამ შემთხვევაში უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან და არაფერი სხვისგან. კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს ვალდებულება დაიცვას კანონი და სხდომას მისცეს კანონიდან გამომდინარე წარმართვის შესაძლებლობა. როდესაც დგება დღის წესრიგი, საკითხი უნდა მოხვდეს დღის წესრიგში, იმისათვის, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ და პროცედურაზე სიტყვის მოთხოვნა ნიშნავს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკთხებთან მიმართებაში აზრის გამოთქმას ან ისეთი საკითხის წამოჭრას, რომელიც გინდა რომ მოხვდეს დღის წესრიგში,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, კომიტეტის სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მათ შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, რომელმაც  განაცხადა, რომ კომიტეტი  არ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს.

 

 

დღის ამბები