25 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაცვლილ 34 წლის პატიმარს სახლში დღეს გვიან ღამით გადაასვენებენ

40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაცვლილ პატიმარს, გიორგი ფასეიშვილს ოზურგეთში საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამით გადაასვენებენ. 34 წლის პატიმარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გარდაცვლილის ოჯახში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. გარდაცვლილი პატიმრის მეზობლები გიორგი ფასეიშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებენ.

„ძალიან კარგი ბავშვი იყო, ოჯახი არაჩვეულებრივი, მამა ჰყავდა, რომელიც გარდაიცვალა. დედაც, ფარმაცევტი ქალი, ძალიან კარგი და მოხდა ასეთი შემთხვევა, ვიღაც დაჭრა მგონი თუ რაღაც ასეთი,“ - ამბობს ოჯახის მეზობელი.

გიორგი ფასეიშვილი გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. გიორგი ფასეიშვილი გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.

გიორგი ფასეიშვილმა საქმის გადახედვის მოთხოვნით, დაახლოებით, თვენახევრის წინ დაიწყო შიმშილობა, ის უარს აცხადებდა როგორც საკვების, ასევე მედიკამენტების მიღებაზე.

პატიმარი გლდანის საპატიმროში იყო მოთავსებული თუმცა საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. 40 დღის განმავლობაში ის საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებდა.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა აშკარაა, რომ ეს ყურადღება პატიმრის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

გიორგი ფასეიშვილი სამართალდამცველებმა ერთი წლის წინ, მეზობლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები