19 აპრილი 2024,   20:03
ვრცლად
არსებობს მეორე მხარის პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა - ლევან იზორია სამხედროს ცემაზე 

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია შეიარაღებული ძალების კონტრაქტორზე, სავარაუდოდ ვიცე-პოლკოვნიკის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას ეხმაურება.

საქმე ეხება გუშინდელ შემთხვევას, როდესაც დავით ბერიშვილი „რუსთავი 2“-ის შენობაში მივიდა და განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე გაუსწორდა. ახალგაზრდა, რომელიც მომზადებას ალგეთში გადიოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მინისტრის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს.  

„როგორც კი აღნიშნული ინფორმაცია მივიღეთ, სამხედრო პოლიციამ აღძრა საქმე შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით და ეს გამოძიება მიმდინარეობს და ბუნებრივია, თუ გამოვლინდა გარკვეული ნიშნები დანაშაულის, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს,“ - ამბობს იზორია.

თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ შეიარაღებული ძალების კონტრაქტორისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ვიცე-პოლკოვნიკს. შესაბამისად, ლევან იზორია ბრალეულობის დასადგენად გამოძიების დასრულებას ელოდება.

„არსებობს მეორე მხარის პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა, ამიტომ, მართლმსაჯულების ფარგლებში დადგინდება ყველა გარემოება. გამოძიების მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩემი ჩარევა პირიქით, კანონდარღვევაც არის, ამ შემთხვევაში, უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე კი ადასტურებენ მომხდარ ინციდენტს, თუმცა კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ. 

ერთ-ერთი ვერსიით, სამხედროებს შორის შელაპარაკება სიგარეტის გამო დაიწყო, რის შემდეგაც ვიცე-პოლკოვნიკმა ორი სამხედრო დაიბარა საკუთარ კაბინეტში, სადაც დაზარალებულის მტკიცებით, სასტიკად გაუსწორდნენ.

შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი დავით ბერიშვილი ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს თავდასხმასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა, რომელიც მომზადებას ალგეთში გადიოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სამხედრო პოლიციამ გამოძიება სამხედრო მოსამსახურის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები