24 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ზაზა სარალიძე შს სამინისტროში იმყოფება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. ზაზა სარალიძეს ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებულ საგამოძიებო სამუშაოებს და მოპოვებულ მტკიცებულებებს გააცნობენ.

როგორც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის პირადად შეხვდება გამომძიებელს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეს უძღვება. შეხვედრა ზაზა სარალიძის მოთხოვნით იმართება.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მისი მოთხოვნა უცვლელია - დაისაჯოს არა მხოლოდ მიხეილ კალანდია, არამედ ყველა ის პროკურორი ვისაც წვლილი მიუძღვის საქმის გაყალბებაში.

„მაინტერესებს რა ეტაპზე არის  გაყალბებული საქმე და აყალბებენ თუ რას უშვრებიან კიდევ. ამის იმედი, რომ მქონოდა და რომ მქონდეს გადადგმული უნდა ჰქონდეს ნაბიჯები უკვე. ამდენი ხანი, ერთ წელზე მეტი გავიდა უკვე. ჩემი სურვილით მოვითხოვე შეხვედრა ამათთან. არამარტო ამათთან, პროკურატურასთან. ჩემმა უფლებადამცველმა  გამოუგზავნა ოფიციალური წერილი. შსს დათანხმდა შეხვედრაზე, პროკურატურისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია არც შეხვედრის  დასტურზე და არც უარყოფაზე. რა თქმა უნდა მოვითხოვ არამარტო კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა იმ გამყალბებელი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე შსს-ში ადვოკატთან ერთად მივიდა. ნესტან ლონდარიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, მან მიმართა პროკურატურასაც და მოითხოვა გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით შეხვედრა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

ზაზა სარალიძე შსს-ში მისვლამდე სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც მისი შვილის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მას სასამართლოს შენობა მანდატურებმა დაატოვებინეს. ზაზა სარალიძის გაღიზიანება იმ ინფორმაციას გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ხორავას საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს. 

მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის პროკურორს, რის შემდეგაც მას სასამართლოს შენობა იძულებით დაატოვებინეს. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები