25 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
სასტიკად ნაცემი სამხედროს ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

შეიარაღებული ძალების კონტრაქტორის, დავით ბერიშვილის ოჯახი მათ შვილზე მომხდარ ფიზიკურ თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. დაშავებული სამხედროს ოჯახის წევრებისთვის მიუღებელია, რომ ჯარში სამხედროს თუნდაც რაიმე დარღვევის დაფიქსირების გამო სასტიკად სცემონ.

დავით ბერიშვილის დედა, თამარ ბერიშვილმა შვილთან საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ მას სასტიკად სცემეს, მათ შორის, დარტყმა მიყენებული აქვს ასევე თავის არეში.

„ჩემი შვილი დაუტოვებია ოთახში და ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად, სცემა თავის არეში, წიხლებით შემდგარაო და შემდეგ თავისი საშუალებით წამოსულა აქეთ საავადმყოფოში, როგორმე მოვაღწიე დედაო. სისხლდენაც მქონდაო,“ - ამბობს თამარ ბერიშვილი.

დაშავებული სამხედროს დედა ითხოვს, რომ დამნაშავე დაისაჯოს.

„ახლა ვითხოვ, ამ პიროვნების დასჯას. დღეს არ უნდა ხდებოდეს ასეთი რაღაც. ბავშვი მონდომებული იყო თავისი ხელფასი ჰქონოდა, სამსახური ჰქონდეს და ასეთი მონდომებულ ბავშვებს ასე არ უნდა ექცეოდნენ,“ - ამბობს თამარ ბერიშვილი.

დამნაშავის დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს ასევე დავით ბერიშვილის ბიძა, ლევან კირკიტაძე. ის საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს.

„უნდოდა ეს საკონტრაქტო სამსახური და ალბათ, ასე ექცევიან ჯარში და ეს ცემა, გამოეშვათ ბატონო, თუ დაარღვია, მაგაზე არავის პრეტენზია არ აქვს, ეს არის გამოსაძიებელი ნამდვილად. თუ სცემა და სცემეს ეს ბავშვი, დასასჯელი უნდა დაისაჯოს, ჩემი აზრია ასეთი და საავადმყოფოში წევს ახლა და კიდევ ექიმებს, რომ ვესაუბრეთ, დღესაც მოუწევს დარჩენა,“ - განაცხადა ლევან კირკიტაძემ.

შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი დავით ბერიშვილი ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს თავდასხმასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა, რომელიც მომზადებას ალგეთში გადიოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სამხედრო პოლიციამ გამოძიება სამხედრო მოსამსახურის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები