17 ივნისი 2019,   01:51
ვრცლად
შემდეგი ალბათ ვიქნები მე, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ - გიორგი ვაშაძე 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამ წუთებში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.  ოპოზიციის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ პოლიტიკურ ბრძოლას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი გეგმების შეცვლას არ აპირებენ და აქციები გაგრძელდება, თუმცა ფორმაზე დღევანდელ შეხვედრაზე შეჯერდებიან. 

გაერთიანებული ოპოზიცია სოფელ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ პროვოკაციად აფასებს. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიუხედავად დაკავებებისა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო, ხელისუფლება მათ ვერ შეაშინებს. ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანებში სხვა პოლიტიკური ლიდერებიც დააკავონ. 

„ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია მათი მხრიდან. რისთვის?  რომ შემდგომ დაეწყოთ დაკავებები პოლიტიკური ლიდერების. რატომ კირკიტაძე? იმიტომ  რომ რუსთავში მოუგო არჩევნები მათ შტაბს და აქედან გამომდინარე კირკიტაძე ერთ-ერთი პირველია ვინც მათი სამიზნე გახდა, ეს საჯარო განცხადებებშიც თქვეს. შემდეგი ალბათ ვიქნები მე, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი ვინც იქ იყო. ზუსტად  მაქვს ინფორმაცია რომ ჭრიან ვიდეოებს და ეძებენ მაქსიმალურად იმ ფაქტებს, რომელსაც შეუძლიათ ჩაეჭიდონ. ეს არის  ჩვეულებრივი კანონგარეშე ქმედება პოლიციის ფორმაში ჩაცმული დაჯგუფების, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ კრიმინალური დაჯგუფება. ისინი  პოლიციელებად, როცა უკანონოდ მოქმედებენ ვერაფრით ვერ ჩაითვლებიან. ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე და ვერ შეძლებს ჩვენ შეშინებას ვერც ერთ შემთხვევაში ქართული ოცნება,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლება გადავიდა პირდაპირ ტერორზე და ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. გიორგი ბარამიძის განცხადებით ხელისუფლება ვერ ხვდება მთავარს, რომ ლიდერების დაჭერით ისინი სიტუაციას ვერ გამოასწორებენ და პირიქით საპროტესტო ტალღას უფრო გაამძაფრებენ.

„ჩვენ ვნახეთ რა კრიმინალური  ქმედებები ჩაიდინეს ახალქალაქში და ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარის შექება მიიღეს. შემდეგ ჩვენი თავმჯდომარე დაჭრეს  პირდაპირ დანით და ე.წ. სპიცით ონში და ის დღესაც სიკვდილს ებრძვის. და ახლა ეს რომ არ იკმარეს, უკვე დაჭერებით და აი ამ ფიზიკური ზემოქმედებით, რომ დაინახეს რომ  ვერ გაგვაჩერეს ახლა უკვე დაიწყეს ახალი ეტაპი, ახალი ფაზა, როგორც დაგვპირდა პარლამენტის თავმჯდომარე, კალაძემაც ეს მუქარები გამოუშვა და რა თქმა უნდა გახარიასაც ვერ დავივიწყებთ აქ, რომ ფიზიკურად მოახდინონ იზოლირება ოპოზიციის ლიდერები. და სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებებით ისინი ეცდებიან ამ გზა დაადგნენ,“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღეს ოპოზიციის წევრებმა მათ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის შესახებ ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდეს. თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უწევს ანგარიშს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების აზრს.

„რიგ შემთხვევებში სადაც მისი პირადი ინტერესია ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი უცხოელი მეგობრების აზრი და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდად აისახება  ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

დღის ამბები