20 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
„ვეჭვობ, ამ უნიათობის და ამ ნაცარქექიობის მიღმა დგას პოლიტიკური ნების არარსებობა“ - გამსახურდიების საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან

ზვიად გამსახურდიას შვილები უკვე მეხუთე დღეა, უშედეგოდ შიმშილობას განაგრძობენ. დღეს მათ მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს და მთავარ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვეს.

პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრების ამბობენ, რომ ხელისუფლება საქმის გაჭიანურებას და დახურვას განზრახ ცდილობს.

ცოტნე გამსახურდია აღნიშნავს, რომ არაფრის იმედი არა აქვს და უბრალოდ, აკეთებს იმას, რასაც თვლის, რომ  უნდა გააკეთოს.

„არავითარი მოლოდინი არ მაქვს, ჩემო კარგო და არც არაფრის იმედი არ მაქვს, მოგახსენებ. უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო. ასე მყისიერად გაკეთება რომ მდომოდა, ეს რადიკალური ნაბიჯი არც დაგვჭირდებოდა. ნებისმიერ პროტესტს სჭირდება ბრძოლა, სჭირდება შეუპოვრობა, სჭირდება ენერგია და ჩვენ ეს არ გვაკლია, მინდა, დავარწმუნო ჩვენი მტრები,“ - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

„მე ვეჭვობ, რომ ამ უნიათობის და ამ ნაცარქექიობის მიღმა დგას პოლიტიკური ნების არარსებობა,“ - ამბობს ასევე კონსტანტინე გამსახურდია.

აქციას საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი, ალეკო ელისაშვილი, ესწრებოდა. მისი თქმით, სირცხვილია, რომ ქვეყანამ თავისი პირველი პრეზიდენტის საქმე არ გამოიძიოს.

„სირცხვილია, რომ ქვეყანამ არ გამოიძიოს თავისი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე და დახუროს ასე, უბრალოდ ეს საქმე. ეს ერთი და მეორე - უბედურება, რის გასაპროტესტებლადაც აქ მოვედით. რატომ უნდა გვჭირდებოდეს მოქალაქეებს პროტესტი, შიმშილობა და დავიდარაბა იმისთვის, რომ პროკურატურამ ამ მრავალმილიონიანმა სახელმწიფო სტრუქტურამ ელემენტარულად გააკეთოს ის, რასაც უნდა ისედაც აკეთებდეს,“ - ამბობს ელისაშვილი.

საქმის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი, აცხადებს, რომ არსებობს პრეცენდენტული სამართალი, რაც მსგავსი საქმეეების არაეფექტურად წარმართვის გამო კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს.

„არსებობს პრეცენდენტული სამართალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რაც გულისხმობს ასეთი კატეგორიის საქმეებზე არაეფექტურად წარმართვის გამო კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის გამომძიებელი, ყველა ის პროკურორი და ყველა ის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც შეეძლო ამ საქმეზე სიმართლის დადგენა და ეს სიმართლე არ დაადგინეს, ან ვერ დაადგინეს თავისი უნიათობის, თუ მიზანმიმართული მავნებლობის გამო, პასუხს აგებს,“ - აცხადებს გიგუაშვილი. 

დღის ამბები