23 აპრილი 2024,   21:24
ვრცლად
ფიზიკური ძალადობა სამხედროებზე - რეკრუტი დავით ბერიშვილი სხვადასხვა მძიმე დაზიანებით კლინიკაში რჩება

ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ რეკრუტი დავით ბერიშვილი ტვინის შერყევითა და სხვადასხვა მძიმე დაზიანებით კლინიკაში აღმოჩნდა. კონტრაქტორ სამხედროს ფიზიკურად, მისივე მტკიცებით, მეთაური გაუსწორდა, თუმცა, ინციდენტის შესახებ სამხედრო ნაწილში ღიად საუბარი არავის სურს.

სამხედროებმა იციან კონფლიქტში მონაწილე პირებიც, მაგრამ საჯაროდ ამაზე საუბარს ერიდებიან. სამხედრო ბაზაზე ყვებიან, რომ ორ ახალგაზრდა მამაკაცს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სიგარეტის გამო დაიწყო. ხმამაღალ საუბარზე ორივე მათგანი ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ კაბინეტში დაიბარა, სადაც დავით ბერიშვილი სასტიკად სცემა, შემდეგ კი თბილისში სამხედრო სამსახურის ტრასპორტით ჩამოიყვანეს.

დავით ბერიშვილი კურიერთან ყვება, რომ ცემის შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკმა აიძულა, კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე განცხადება საკუთარი სურვილით დაეწერა.

დაზარალებულის მტკიცებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამხედრო მაღალჩინოსნები რიგითებს სასტიკად სცემენ. ძალადობაზე ჯარში კი თავდაცვის სამინისტრო თვალს ხუჭავს.

დავით ბერიშვილი უკვე 24 საათზე მეტია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცს ტვინის შერყევა დაუდგინეს. ის ექიმებს კლინიკიდან დღეს უნდა გაეწერათ, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარებამ მას ხელი არ შეუწყო.

დაზარალებულიც და მისი მშობლებიც ვიცე-პოლკოვნიკისთვის, რომელმაც რეკრუტი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, უფლებამოსილების შეწყვეტას და მის მკაცრად დასჯას ითხოვენ.

ამ საქმეზე სამხედრო პოლიციას გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.

თავდაცვის მინისტრის თქმით, დაზარალებული ბერიშვილისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიას ყვება მეორე მხარე და აუცილებელია, რომ ჭეშმარიტება გამოძიებით დადგინდეს.

იმ შემთხვევაში, თუ დავით ბერიშვილის ვერსია ოფიციალურად დადასტურდა, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს უფლებამოსილება ერთი წლით შეუწყდებდა.

საქმის შესწავლა სამხედრო პოლიციამ დაიწყო და ლევან იზორიას უწყების ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა თავად დაზარალებულიც, რომელიც ჩვენებას გამოძიებას სამი საათის განმავლობაში აძლევდა.

დღის ამბები