19 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
დაპირისპირება სააპელაციო სასამართლოში - ზაზა სარალიძეს შენობა მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელების საქმეზე არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში მიხეილ კალანდია დააკავონ - ეს გარანტია ზაზა სარალიძემ დღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსისგან მიიღო.

ვლადიმერ ბოცვაძემ შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს, საქმეში დადგენილი ახალი გარემოებები დღეს გააცნო.

საქმეზე ახლიდან არიან გამოკითხულები არასრულწლოვანი მოწმეები და მათი მშობლები, ასევე სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში დევს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის, მირზა სუბელიანის, დაკითხვის რამდენიმე ოქმი.

ზაზა სარალიძე, ადვოკატთან ერთად, შს სამინისტროში მისვლას მომავალ კვირაშიც გეგმავს.

სამსაათიანი შეხვედრის მიუხედავად, შვილმკვდარმა მამამ საქმის მასალების სრულად გაცნობა შს სამინისტროში ვერ მოასწრო. მისმა ადვოკატმა, შსს-ს გარდა, ოფიციალური წერილით შეხვედრა მთავარ პროკურატურისგანაც მოითხოვა, თუმცა, თადუმაძის უწყებამ პასუხი არ გასცა.

ხმაურის ფონზე ჩაიარა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა, სადაც ზაზა სარალიძის გაღიზიანება ხორავას საქმის პროკურორის, ინა გუგუშვილის, დაწინაურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. სარალიძეს სასამართლოს შენობა მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინა გუგუშვილს თბილისის პროკურატურიდან უახლოეს მომავალში მთავარ პროკურატურაში დააწინაურებენ.

ინა გუგუშვილის ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობის საქმის გამომძიებელი პროკურორი საქმის საქალაქოში განხილვის დროს იყო, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ის საქმეს ჩამოაცილეს. მიზეზი სხდომაზე ერთ-ერთ ადვოკატსა და მას შორის მომხდარი კონფლიქტი გახდა. ინგა შარაშენიძემ გუგუშვილი თავდასხმაში დაადანაშაულა. ამ ინციდენტის შესწავლა უკვე 6 თვეა, გენერალურ ინსპექციაში მიმდინარებს.

საქმეზე ახალი პროკურორები წარმართავენ პროცესებს სააპელაციო სასამართლოში, სადაც დღეს ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წაიკითხა. ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატებმა სასამართლოს დამატებითი მტკიცებულებების დართვის თხოვნით მიმართეს.

ინტერესების დამცველები საპარლამენტო კომისიის მიერ გამოკითხული მოწმეების ჩვენებების საქმეში დართვას მოითხოვეს, თუმცა, სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები