17 იანვარი 2019,   15:59
ვრცლად
გაზის ტარიფი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან გაიზრდება - სემეკმა სხდომა ჩანიშნა 

გაზის ტარიფი სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან გაიზრდება. მარეგულირებელ კომისიაში სხდომა 26 დეკემბერსაა ჩანიშნული, სადაც ბუნებრივი აირის მომატებულ ფასზე უნდა იმსჯელონ. სხდომაზე თბილისსა და რეგიონებში ახალ სამომხმარებლო ტარიფს დაადგენენ. თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი 47 თეთრი, რეგიონებში კი 56 თეთრია. 

გაზზე ტარიფის ზრდას არ გამორიცხავენ სემეკში. ახალი ტარიფი, რომელსაც უწყება დაადგენს ძალაში იანვრიდან შევა.

არსებული ინფორმაციით, საუბარია, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი 2-დან 3 თეთრამდე გაიზრდება. სემეკში ამბობენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში ამბობენ, რომ კომპანიების სატარიფო განაცხადების განხილვა სემეკში, უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„კომპანიებმა შემოიტანეს სატარიფო განაცხადები. ამჟამად, დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. ძალიან ბევრი კომპონენტია ტარიფის დათვლისას,  მათ შორის არის ინვესტიციების ნაწილი, ლარის კურსი, მიწოდების ტარიფი. 2,50-ზე იყო დათვლილი, თუმცა არსებული კურსი, რომელიც ჩაედო, ეს არის 2,66, თუმცა ჩვენ არ ველოდებით არსებით ცვლილებას, რაღაც გარკვეულ სიურპრიზებს ამ მიმართულებით,“- განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ.

გაზის ტარიფის მატებას ელოდება თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილიც. მისი თქმით, ტარიფის ზრდის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ლარის კურსის ვარდნაა.

„მოლოდინი არის ალბათ ზრდისკენ, იმიტომ რომ ლარი გაუფასურდა. გარდა ამისა, კომპანიებს აქვთ თავიანთი ვალდებულებები საინვესტიციო, რომ გადაითვლება მეთოდოლოგიით გაზის ტარიფი, სავარაუდოა, რომ გაიზრდება ტარიფი, ალბათ მოსახლეობისთვისაც. შეიძლება გაიზარდოს მოსახლეობის ტარიფიც, იმიტომ რომ სხვაგვარად, კერძო კომპანიები, რომლებიც აწვდიან გაზს, ამ ფულს ამოიღებენ ბიზნესებიდან,“ - განაცხადა ლევან ფავლენიშვილმა. 

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ბუნებრივ ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას ვარაუდობს ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” დამფუძნებელი. გია ჯანდიერი ამბობს, რომ ფასების მატება მოსახლეობის ჯიბეებზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან, ქვეყანაში ხელფასების მხრივ ზრდა სწრაფი ტემპებით არ ხდება. გია ჯანდიერი არ გამორიცხავს, რომ გაზზე ტარიფის მატებამ პროდუქტების გაძვირებაც გამოიწვიეს, მათ შორის პურის ფასის ზრდა. 

მოსალოდნელობა იმის, რომ გაიზარდოს, ძალიან მაღალია. იმის გამო, რომ ლარის კურსი ბოლო ხანებში 10%-ით დაეცა. ამასთან ერთად, გაზის ფასი სეზონურად მაღალია. ცხადია, რომ ეს მოსახლეობაზე აისახება ცუდად, იმიტომ რომ მათი ხელფასები არ მატულობს ასეთი სიჩქარით და მათი მსყიდველობითი უნარი კლებულობს, მაგრამ ეს ასევე აისახება იმ მცირე ბიზნესებზე, რომელიც დამოკიდებულია გაზზე,“-  აცხადებს გია ჯანდიერი. 

დღის ამბები