25 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
ევროპა ქართულ თხილს ბლოკავს - ევროკავშირის საზღვრიდან უკან მობრუნებულ თხილში კიბოს გამომწვევი სოკო აღმოაჩინეს

ევროპა ქართულ თხილს ბლოკავს - ევროკავშირის საზღვრიდან უკან მოაბრუნეს რამდენიმე ტონა თხილი, რომელშიც კიბოს გამომწვევი სოკო აღმოაჩინეს. ადამიანის ორგანიზმში ალფატოქსინის მოხვედრა მძიმე დაავადებებს იწვევს.

ექსპერტი დავით ჯორბენაძე, რომელიც ევროპული ბაზრისათვის განკუთვნილი პროდუქციის ლაბორატორიის კონსულტანტია ამბობს, რომ ევროკავშირში ქართულ პროდუქციას სულ უფრო ხშირად იწუნებენ და უკან აბრუნებენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით უკვე ორი თვეა, საქართველოდან გატანის წინ თხილს ადგილობრივ ლაბორატორიებში აღარ ამოწმებენ, ამიტომ საშიში ნივთებით დაბინძურებული პროდუქციას ევროკავშირის საბაჟოზე აჩერებენ.

ბოლო პერიოდში გაიზარდა შემთხვევები, როდესაც შემოწმების დროს ქართულ თხილში აფლატოქსინს პოულობენ. მიზეზი არასწორი გამოშრობა-შენახვა-ტრანსპორტირებაა. დაავადება თვალით უხილავია, თუმცა მას ობის სოკოებს შორის ყველაზე საშიშად მიიჩნევენ.

ალფატოქსინს მძიმე კარცენოგენული თვისებები აქვს. ის იწვევს სიმსივნესა და ღვიძლის დაავადებებს. აფლატოქსინი სწრაფად და მარტივად ვრცელდება და არ კვდება თერმული დამუშავებით.

ევროპის მიერ დაწუნებული თხილი კვლავ საქართველოში ბრუნდება, რისთვის გამოიყენებენ დაავადებულ თხილს ეს მწარმოებლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული ის სხვა ჯანსაღ თხილში გადაურიონ, ამით აფლატოქსინის რაოდენობა შემცირდება და ქართველი მომხმარებლებისთვის გაიყიდება.

თავად ბიზნესმენები საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ. სამთავრობო უწყების მიერ დადგენილი რისკზე დაფუძნებული კონტროლი კი შესაძლოა, ქართული თხილის რეპუტაციის შელახვის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდეს.

დღის ამბები