25 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
გრანდიოზული ფოიერვერკები, კონცერტები და ლაზერული შოუები - მსოფლიოს ქალაქები ახალი წლის ღამეს

მსოფლიოს ყველა ქვეყანა 2019 წელს გრანდიოზული ფოიერვერკებით, კონცერტებით და ლაზერული შოუებით შეხვდა.

2018 წლის ბოლო წამები ბურჯ ხალიფასთან შეკრებილმა მილიონამდე ადამიანმა ერთად აითვალა. მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 2019 წლის პირველივე წამს გრანდიოზულმა ფოიერვერკებმა გაანათა. დუბაის ცათამბჯენთან გამართულ შოუს მილიონზე მეტი ადამიანი აკვირდებოდა. ფოიერვერკების გაშვებამდე 829 მეტრის სიმაღლის შენობაზე განათებების შოუ მოეწყო.

მსოფლიო რეკორდების წიგნში საკუთარი ადგილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კიდევ ერთმა ქალაქმა დაიმკვიდრა. რას ალ ხაიმაში საახალწლო შოუს ორგანიზატორებმა ფოიერვერკების ყველაზე გრძელი ჯაჭვი შექმნეს და კალიფორნიის 2014 წლის რეკორდი გააუმჯობესეს. რამდენიმე ტონა პიროტექნიკა 4 კილომეტრის და 600 მეტრის მანძილზე დამონტაჟდა და ყველაზე ხანგრძლივი, სწორხაზოვანი ფოიერვერკის რეკორდიც დაამყარა.

სანახაობით გამორჩეული იყო პარიზის საახალწლო ღამეც. ტრიუმფალურ თაღზე, რომელიც ბოლო ორი თვეა, დაპირისპირების ეპიცენტრია, განათებების სპექტაკლი მოეწყო. 20-წუთიანი სინათლის შოუ შინაარსობრივად მოიცავდა ფრანგული კულტურის ყველა ღირსშესანიშნავ მომენტს.

შოუ, რომელსაც მილიონობით ადამიანი ნიუ-იორკში ელოდებოდა, უამინდობამაც ვერ ჩაშალა. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტაიმ სკვერზე ხალხი რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბა და 2019 წლის დადგომას ელოდებოდა.

თბილი ამინდის მოყვარულები კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან რიო-დეჟანეიროში შეიკრიბნენ.

მედიის გათვლებით, 2019 წელს მსოფლიო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქუჩაში იზეიმა.

დღის ამბები