25 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
პიროტექნიკის შედეგები - ახალი წლის ღამე 100-მდე მოქალაქემ საავადმყოფოებში გაატარა

ახალი წლის ღამე, პიროტექნიკის გამო, საავადმყოფოებში დაახლოებით 100-მდე მოქალაქემ გაატარა. მათ შორის უმეტესობა ბავშვია. მათი ნაწილი დამწვრობის ცენტრში, ნაწილი კი სხვადასხვა პროფილის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პიროტექნიკის მოხმარების წესების დარღვევის გამო, დაშავებულებს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ, ხშირია თითების ამპუტაციის შემთხვევებიც. ექიმები აცხადებენ, რომ დაშავებულთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია, კიდევ უფრო დამძიმებულია დაზიანების ხარისხიც.

„საკმაოდ მსხვილი დაზიანებები არის პიროტექნიკით მიყენებული. ისევ და ისევ მაღალი ენერგეტიკული ტრავმა არის. აქ არ არის მარტო ძვლების მოტეხილობები , აქ არის უკვე საუბარი რბილი ქსოვილების მასიურ დაზიანებებზე. წინა წლებთან შედარებით რაოდენობა მეტი იყო. მასიურობა გაიზარდა დაზიანებების. ყველ ასაფეთქებელს უნდა ეწეროს თავისი გამოყენების წესები, შეიძლება ჩვენ ვერ ვიცავთ, შეიძლება გაფუჭებულიც არის მაგრამ ფაქტია, რომ რახან ასეთი მასიური დაზიანებებია, რა თქმა უდნა პიროტექნიკაშიც იქნება პრობლემა, ეს შეიძლება იყოს უვარგისი. ხელში უფეთქდება ყველას,“-განაცხადა ექიმმა ირაკლი ბარძუკაშვილმა.

დაზარალებულები ამბობენ, რომ პიროტექნიკა რომელიც მათ ჰქონდათ ძალიან სწრაფად ფეთქდებოდა და ვერ ასწრებდნენ მათ გადაგდებას, რის გამოც მათ დაზიანებები მიიღეს. 

"ვაპირებდი აფეთქებას და ვეღარ მოვასწარი გადაგდება, ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი და ამიფეთქდა ხელში. თითი მაქვს გაგლეჯილი და მეორე მოტეხილი,"-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა

დღის ამბები