17 იანვარი 2019,   16:05
ვრცლად
"ძალიან ბევრი ადამიანი სესხს ვეღარ აიღებს" - ახალი საბანკო რეგულაციები ძალაში შევიდა

ფინანსური რეგულაციები ძალაში შევიდა - დადგენილების საბოლოო ვერსიაში სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები გაზრდილია. ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა შედარებით მეტია.

მაგალითად, თუ ოჯახის შემოსავალი 3000 ლარია, 15 წლიანი სესხის შემთხვევაში ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1350 ლარს, 5 წლიანი სესხის შემთხვევაში კი 1650 ლარს. იზღუდება ბინით უზრუნველყოფილი სესხის აღებაც. ბინას, რომელშიც ცხოვრობთ, ბანკში ვეღარ ჩადებთ, თუ შემოსავლებს ვერ დაადასტურებთ.

ექსპერტები ამბობენ, რომ კოეფიციენტების გაზრდა კარგია, თუმცა შეზღუდვების შემოღება შეამცირებს მსესხებლების რაოდენობას და სესხის მოცულობას, რაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს.

„აქტივობა ეკონომიკური აუცილებლად შემცირდება. პირველ რიგში პრობლემები გაჩნდება იმ სავაჭრო  ობიექტების მიმართ , რომლებიც განვადებით ყიდიან ძირითადად საქონელს და მომსახურებას. რეგულაციების მიმართულება არ არის სწორე. იმიტომ რომ მთავარი უპასუხისმგებლო მევალე საქართველოში არის საქართველოს მთავრობა რომელიც უაზროდ იღებს სესხებს და საგარეო ვალი უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს შეადგენს . ამას ემატება შიდა ვალი და პლუს ამას ყველაფერს ემატება საპენსიო რეფორმა რომელიც ამოქმედდა,“- განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ.

ახალ საბანკო რეგულაციების ხარვეზებზე საუბრობს საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელიც. გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემებს რეგულაციები ვერ გადაჭრის. რადგანაც მისი თქმით, ჭარბვალიანობის გამო არ არის სიღარიბე, პირიქით, სიღარიბის გამოა ჭარბვალიანობა.

„ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სესხს ვეღარ აიღებს, პლუს შემცირდა კოეფიციენტები. ვთქვათ ყოველთვიური შემოსავლიდან რამდენი შეიძლება იყოს მიმართული სესხზე  გადასახდელად. რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სესხზე ხელმისაწვდომობას არა მხოლოდ სოციალურად გაჭირვებულ ფენებს,  არამედ საშუალო ფენასაც, რომელიც თვიდან თვემდე ხელფასზე ცხოვრობს და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასაც როგორც წესი ახერხებს მხოლოდ სესხის საშუალებით,“-აცხადებს გიორგი კეპულაძე.

დღის ამბები