25 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
განცდა მაქვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მოსამართლეთა სია გავიდეს - ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძეს უპირისპირდება

ბიუროს სხდომაზე დაწყებული დაპირისპირება მმართველი გუნდის წევრებს შორის სხდომის გარეთ გაგრძელდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა და თქვა, რომ ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა სიას მხარს უჭერს.

გოგიჩაიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ მოსამართლეთა სია არის გამყოფი ხაზი, რაზეც დათმობას არ აპირებს.

„ის კრიტერიუმები, რომლებიც იქნება დადგენილი, ბუნებრივად გავრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც დღეს არიან, მაგალითად სააპელაციოს მოსამართლეები, უამრავი ადამიანი, იგივე გვრიტიშვილებზე და ამ იუსტიციის საბჭოს წევრებზე, რომლებიც პროცედურულ ომს გვიცხადებენ მთელ საზოგადოებას და გამოგვიწვიეს. საბოლოო ჯამში, როგორ მთავრდება ხოლმე ეს გამოწვევა, ჩვენ კარგად ვიცით... დღევანდელი ამოცანაა ეს და არის მნიშვნელოვანი. სად არის პარლამენტის თავმჯდომარე და რა პოზიცია აქვს? მე განცდა მაქვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა, რომ ის სია გავიდეს. მე მხარს არ დავუჭერ იმ სიას, რომელიც არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი სასამართლო და არ არის სასამართლოს მომავალი და ჩვენ ამ პროცესს შევეწინააღმდეგებით,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას დაუპირისპირდა და ის პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის დანიშვნის დროს პროცედურული დარღვევის გარდა გუნდურობის პრინციპიც დაარღვია, რადგან გადაწყვეტილება „ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტებს იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. "ქართული ოცნების" წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სწორედ გუნდთან შეუთანხმებლობა და რეგლამენტის დარღვევა გახდა გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გამოწვევის საფუძველი.

„ორი მიმართულებით - პირველი, გუნდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილების გამო მიიღო ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, აბსოლუტური უმრავლესობით და მეორე, საუბარი იყო იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ერთიც და მეორეც, ერთად მითუმეტეს, იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ყველაზე რბილი გადაწყვეტილება მიგვეღო და ბატონი გედევან ფოფხაძე, მისთვისაც რომ გარკვეული უხერხულობა აგვერიდებინა, გამოგვეწვია კომიტეტიდან,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. ბოლო სხდომაზე კანონმდებლებმა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, სწორედ ფოფხაძეს უნდა შეესრულებინა ბესელიას უფლება-მოვალეობა. თუმცა, დღეს "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

ეკა ბესელიას გუნდის წევრი და ბესელიას მთავარი მხარდამჭერი გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის არათუ პირველი მოადგილე, არამედ კომიტეტის წევრიც აღარაა.

დღის ამბები