23 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
გაზრდილი ფასები საკვებ პროდუქტებზე, კომუნალურებზე და ა.შ. - საქსტატმა ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა  

საქართველოში ცხოვრება გაძვირდა - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1.5%-იანი ინფლაცია ყველაფერზე აისახა. ფასები გაიზარდა როგორც საკვებ პროდუქტებზე, ასევე გაზრდილია გადასახადი კომუნალურ გადასახადებზეც.

კიდევ ერთი სფერო, სადაც ფასებია მომატებული, ეს არის ჯანდაცვა. ამ მიმართულებით გაზრდილია როგორც საავადმყოფოებში სხვადასხვა მომსახურება, ასევე ამბულატორიული მომსახურებაც.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეალობა ფასების ამ მაჩვენებელზე კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მეთოდი, რომლითაც  საქსტატი ინფლაციას და ფასების ზრდას ითვლის, მოძველებულია.

„ეს ინფლაციის მაჩვენებელიც რაღაც მოძველებული მეთოდოლოგიით არის, როგორც ჩანს. იმიტომ, რომ არ აისახება რეალური ზრდა ფასების. მაგალითად, თუ კარაქი ღირდა 200გრ. 3 ლარიდან 4 ლარამდე ერთი წლის წინ, ახლა 6-დან 7-მდეა და უფრო მაღალი ფასებიც არის. ამიტომ, ალბათ მოსახლეობის უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება ასეთ გაძვირებულ საქონელზე. ბევრ მაღაზიაში შეხვალ და საერთოდ ვერაფერს ვერ იყიდი,“ - განაცხადა გია ჯანდიერმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე სწორი ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

„თუ გაძვირდა მედიკამენტი, მე ეს გაცილებით მეტად მაწუხებს, მით უმეტეს, თუ მე ვარ პენსიონერი და დამოკიდებული ვარ ჩემს პენსიაზე და ჩემი ძირითადი მოხმარების საგნები არის  მედიკამენტები და საკვები პროდუქტები. შესაბამისად, მე ნაკლებად ვნერვიულობ იმას, რომ ტანსაცმელი გაიაფდა და მსუბუქი ავტომობილები. საჭიროა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სწორი რეფორმების გატარება და ფიქრი იმაზე, რომ მეტი ინვესტიცია მოიზიდო ქვეყანაში და ამით წასწიო წინ ქვეყნის ეკონომიკა,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

დღის ამბები