19 მარტი 2019,   08:35
ვრცლად
"ქვეყანაში არსებული სიღარიბე უმთავრეს გამოწვევად რჩება" - ოპოზიციაში ფასების ზრდას ეხმაურებიან 

„ქვეყანაში არსებული სიღარიბე კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება,“ - ასე ეხმაურება ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. აბესაძე აცხადებს, რომ იმ ინფლაციურ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, დიდწილად, მთავრობაა დამნაშავე, რომელიც გაზრდილ ბიუროკრატიაზე უარს ვერ ამბობს.

„ქვეყანაში არსებული სიღარიბე კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება და რა თქმა უნდა, ამ ფონზე, ის ინფლაციური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, დამატებით ტვირთად აწვება მოსახლეობას. ამ ყველაფერში, დიდწილად დამნაშავე არის  მთავრობა, რომელიც ვერ ახერხებს უარი თქვას გაზრდილ ბიუროკრატიაზე, ხარჯავს 500 მილიონ ლარზე მეტს, ვიდრე წინა ხელისუფლება ხარჯავდა ბიუროკრატიაზე,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მოსახლეობის გაღარიბებასა და პროდუქტებზე ფასების ზრდაზე საუბრობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.  

„ინვესტიციები აღარ შემოდის ქვეყანაში. ხელოვნურად ამცირებენ ეკონომიკას და აღარიბებენ ქვეყანას. როდესაც კარტერული გარიგებები არის საწვავის ფასებზე, როდესაც ენერგო რესურსებზე ტარიფები იზრდება, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე კომერციული ობიექტებისთვის. ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებს, რა თქმა უნდა, პროდუქტების ფასებზე და კიდევ უფრო გაღარიბებული მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბდება და ხელმიუწვდომელი ხდება მთელი რიგი პროდუქტები. ამ ხელისუფლების პირობებში, ყოველდღე დამატებით ახალი უბედურება ემატება საქართველოს მოქალაქეებს,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

დღის ამბები