19 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
უტენდეროდ დახარჯული მილიონები - 44-მა მუნიციპალიტეტმა თანხები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ კომპანიებს ჩაურიცხა

დაჩქარებული წესით 44 მუნიციპალიტეტის მიერ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მილიონ 229 ათასი ლარი დაიხარჯა. ოპოზიცია სახელმწიფო თანხის გაფლანგვის შესახებ საუბრობს და საკითხით დაინტერესებას აუდიტის სამსახურისგან ითხოვს.

ოპოზიციის მიერ გასაჯაროებული მონაცემებით ირკვევა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ორ ტურს შორის და მის შემდეგ ყველა რეგიონის მთავრობებმა გადაწყვიტეს, სამუშაოები დაეკვეთათ და ბიუჯეტიდან თანხა ჩაერიცხათ იმ კომპანიებისთვის, რომელთა მეპატრონეებიც ირიბად მაინც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან,“ პარტიის შემომწირველები ან მხარდამჭერები არიან. არის შემთხვევები, როდესაც საბიუჯეტო თანხას პირდაპირი წესით იღებენ ის კომპანიები, რომლებიც მმართველი გუნდის წევრებმა დააფუძნეს.

დაჩქარებულ რეჟიმში გაუფორმა თელავის მუნიციპალიტეტმა 103 ათას ლარიანი ხელშეკრულება კომპანია "აქვა ენერჯი +ს", რომლის დამფუძნებელი 2015-დან 17 წლამდე ბესიკ ქოჩიშვილი იყო. ის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა.

თიანეთში  გზა კომპანია „გზამშენმა“ მილიონ 250 ათას ლარად უნდა დააგოს. მერიამ სამუშაოები დიდი ხნის წინ დაგეგმა, თუმცა 19 დეკემბერს აღმოაჩინა, რომ წლის ბოლომდე ვერ მოასწრებდა, ტენდერი არ გამოაცხადა და ფორსირებულ რეჟიმში „გზამშენთან“ ხელშეკრულება პირდაპირი გააფორმა. კომპანიის მეწილეები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

კომპანია“ გზამშენის“ ერთ-ერთი მეპატრონე „კურიერის“ გამოჩენამ გააღიზიანა. ილია ლაჩაშვილთან ჟურნალისტი იმის გასარკვევად მივიდა, თუ რა დამსახურებისთვის მიიღო მისმა კომპანიამ მილიონ 250 ათას ლარიანი შეკვეთა თიანეთის მუნიციპალიტეტისგან. კომპანიის მეპატრონემ ჟურნალისტის შეკითხვებს არ უპასუხა.

მუნიციპალიტეტების ჩამონათვალში ერთ-ერთი ლიდერია ვანი. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ვანის მერმა, დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარი მისცა კომპანია „ახალ გზას“ სოფელში გზის მშენებლობისთვის. მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა გზის რეაბილიტაციის გადაუდებელი საჭიროება.

გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტმა და 867 ათას ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია „ზიმოს“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეები გადაჰქონდა.

სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გადაწყვიტა. პროცედურული საკითხები დააჩქარა და „ჯითი კომპანიას“ მილიონ 600 ათას ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

რეკორდი მოხსნა გურჯაანიის მუნიციპალიტეტმაც, რომელმაც პირდაპირი მიყიდვის წესით ხელშეკრულებები გააფორმა და უმოკლეს ვადაში ბიუჯეტიდან 2-მილიონამდე ლარი დახარჯა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები