19 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
„ოცნებაზე“ გაბრაზებული ივანიშვილი - პარტიის ლიდერმა გუნდს კანაფის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო უსაყვედურა

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ადასტურებენ, რომ პარტიის შტაბში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მათ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო უსაყვედურა.  

ხმაურიანი თემა დღეს აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრესაში როსტომ მეფის სასახლეში გუშინ გამართული შეხვედრის დეტალებმა გაჟონა. ირკვევა, რომ დახურულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მისივე გუნდი მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ საინფორმაციო ომი წააგეს და იძულებულები გახდნენ, კანაფის შესახებ კანონპროექტის განხილვაზე უარი ეთქვათ.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე თავისივე პარტიის წევრებს უთხრა, რომ მათ ვერ დაიცვეს კანონპროექტი, რომელსაც დიდი მოგების მოტანა შეეძლო.

დახურული შეხვედრიდან გამოჟონილ ინფორმაციას თეთრი სამღვდელოების უმაღლესი იერარქი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გამოეხმაურა. მან ხელისუფლებას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ეკლესია პოზიციის შეცვლას არ აპირებს და არ დაუჭერს მხარს საქართველოში, თუნდაც სამედიცნო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციას.

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ გუნდმა პარლამენტიდან მას შემდეგ გაიწვია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური წააგო და ბიძინა ივანიშვილის პარტიას საპატრიარქო და გავლენიანი მღვდელთმთავრები დაუპირისპირდნენ. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ ამ საკითხის განხილვას აღარ დაუბრუნდებოდა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე ეს თემა ივანიშვილისთვის ისევ აქტუალური გახდა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მარიხუანის პლანტაციების გაშენებას გეგმაზე ბიძინა ივანიშვილს უარი არ უთქვამს და პარლამენტი კანაფის კულტივაციის შესახებ სკანდალური კანონპროექტის განხილვას ისევ დაუბრუნდება.

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები