20 აპრილი 2024,   15:34
ვრცლად
"საჭირო იქნება უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა" - დეპუტატი მირიან წიკლაური

დეპუტატი მირიან წიკლაური, რომელიც ეკა ბესელიას მეგობარია, ქართულ ოცნებაში მიმდინარე დაპირისპირებას ეხმაურება. პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ჩატარება, სადაც ყველა საკითხს განიხილავენ.

ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების წევრის აზრით, გუნდში განხეთქილება დაუშვებელია, რადგან ეს მთლიანად გუნდს დაასუსტებს.

„მათი რაღაც პროტესტი ჩემთვის გასაგებია, თუმცა საჭიროა, ავწონ-დავწონოთ, კარგად გავიაზროთ, თუ რა ხდება, რატომ ხდება და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ განხეთქილება გუნდში არ უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეს გუნდს დაასუსტებს, თუმცა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, თავისი აზრი აქვს ყველას და ამის შესახებ უახლოეს მომავალში, ალბათ, ცნობილი გახდება. ალბათ, საჭირო იქნება უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობა, მათ შორის საჭირბოროტო საკითხებზე, იმ მტკივნეულ საკითხებზე, რომელიც დღეს დღის წესრიგში დგას,“ - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

ქართული ოცნების ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.

ეკა ბესელიას განცხადებას "არალოგიკური" უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები,  მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი, გედევან ფოფხაძე, აირჩიეს, თუმცა, ფრაქცია ქართული ოცნების წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები