23 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა - რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან ურთიერთობა გაწყვიტა

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა და მისი დამოუკიდებლობის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა.

ისტორიულ ცერემონიას უკრაინული ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

პატრიარქმა ბართლომემ ოქტომბერში გამოცხადებული გადაწყვეტილება ოფიციალურად სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, გააფორმა.

ისტორიული დოკუმენტის თანახმად, უკრაინის ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანებაში მე-15 გახდა.

ხელმოწერის საზეიმო ცერემონიას, უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის მეთაურთან ერთად, პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო და სხვა მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ. დელეგაციის წევრებს შორის იყო უკრაინის ყოფილი ლიდერი, ვიქტორ იუშჩენკოც.

ცერემონიის დროს უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო პატრიარქს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ ქვეყანა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლების უფლებებს ერთნაირად დაიცავს.

ავტოკეფალიის მინიჭების პროცესში გაწეული ღვაწლისთვის პეტრო პოროშენკომ პატრიარქი ბართლომე დამსახურების პირველი ხარისხის ორდენითაც დააჯილდოვა და კიევში მიიწვია.

ისტორიული გადაწყვეტილების გამო, რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან ურთიერთობები გაწყვიტა. მოსკოვის საპატრიარქოში ტომოსს "უბრალო ფურცელი" უწოდეს.

პატრიარქი ბართლომე და მიტროპოლიტი ეპიფანე ხვალ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ერთობლივ ლიტურგიას აღავლენენ, რის შემდეგაც ტომოსს უკრაინის ეკლესიის მეთაურს გადასცემენ. ისტორიული დადგენილების ნახვა კი მრევლს 7 იანვრიდან შეეძლება. საშობაო ღვთისმსახურების დროს დოკუმენტს წმინდა სოფიას ტაძარში გამოფენენ.

 

დღის ამბები