19 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე 21-სართულიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს - მერიისგან ნებართვა დეპუტატმა რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიიღო

თაბორის მთას კიდევ ერთი მასშტაბური მშენებლობისთვის ამზადებენ. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ დედაქალაქის ერთ-ერთ მაღალ წერტილს სასტუმრო კომპლექსს ქართული ოცნების წევრი, ბექა ოდიშარია, დააშენებს.

ძველ თბილისში ხარფუხის 3284 კვადრატული მეტრი მიწა სამშენებლო მოედნად გადაიქცევა.

ესკიზებიდან, რომელიც თბილისის მერიაშია წარდგენილი, დგინდება, რომ სულ 10 კორპუსი აშენდება. 21-მეტრიანი სიმაღლეს შენობების 6 მეტრი მიწის ქვეშ იქნება, 15 კი მიწის ზევით.

ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს აშენების სურვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, თუმცა, მერიის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა ოდიშარიას ამ პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრეს და გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ საპროექტო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ 2017 წელს პროექტის ორი ესკიზი დაიწუნა.

პირველ შემთხვევაში კომისიის წევრებმა დაადგინეს, რომ ობიექტის პროექტირებისას გასათვალისწინებელი უნდა იყოს მისი მასშტაბი ძველ განაშენიანებასთან მიმართებაში, აუცილებელია, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი იერსახის შენარჩუნება და ნაგებობის შერწყმა ლანდშაფტთან.

ბექა ოდიშარიამ საბჭოს მეორედ უკვე პროექტის ეს ვარიანტი შესთავაზა. კომისიის წევრები ისევ ამტკიცებდნენ, რომ ლანდშაფტურ გარემოში ასეთი ნაგებობის აშენება მიზანშეწონილი არ იყო.

ბექა ოდიშარიასთვის ხელსაყრელი დრო 2017 წლის ბოლო აღმოჩნდა. ოდიშარიას კუთვნილ ტერიტორიას მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი ზონის ე.წ. სზ 3-ის სტატუსი მისცა. 2018 წლის ივლისში კი კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ მართალია ბუნდოვანი, მაგრამ მაინც თანხმობა მისცა დეპუტატს.

ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტარმა დეპუტატის მანდატი და გავლენები საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისთვის ქალაქის რელიეფისა და იერსახის დამახინჯების ხარჯზე გამოიყენა.

პარლამენტის დეპუტატმა ბრალდებებს ტელეფონით უპასუხა.

ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ დეპუტატის მანდატი და გავლენები არ გამოუყენებია, პრივილეგიებით არ უსარგებლია და ყველა არსებული კანონი დაიცვა.

ქართული ოცნების დეპუტატი მშენებლობისთვის საბოლოო ნებართვას მერიიდან 9 იანვარს ელოდება. მას შემდეგ, რაც არქიტექტურის სამსახურში პროექტს გაეცნენ, ხარვეზები აღმოაჩინეს და ბექა ოდიშარიას ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მისცეს.

იმ შემთხვევაში, თუ კახა კალაძემ მის თანაგუნდელს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის მწვანე შუქი აუნთო, მაშინ ბუნებისდამცველებისა და ურბანისტების პროტესტი გარდაუვალია.  

დღის ამბები