უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია ოფიციალურად მიენიჭა. რამდენიმე საათის წინ მსოფლიო პატრიარქმა უკრაინისა და კიევის მიტროპოლიტს ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსი გადასცა.
საზეიმო ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. ისტორიულ მოვლენას უკრაინის დელეგაცია ესწრება, რომელსაც პეტრო პოროშენკო ხელმძღვანელობს. უკრაინის პრეზიდენტი საშობაო ლიტურგიასაც დაესწრო, რომელიც ტომოსის გადაცემამდე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა და კიევის მიტროპოლიტმა ერთობლივად აღავლინეს.
ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას რუსული ეკლესიისგან დამოუკიდებლობას ანიჭებს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გუშინ მოაწერა ხელი.
„მე როგორც პრეზიდენტი სახელმწიფოს სახელით გარანტიას ვიძლევი, რომ უკრაინა პატივს სცემს თითოეული მოქალაქის რელიგიურ არჩევანსა და რწმენის თავისუფლებას. ვულოცავ ყველას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის ჩამოყალიბებას! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავდაუზოგავად შრომობდა ერთიანობისთვის და სამართლიანობის აღდგენისთვის. ჩვენ შევასრულეთ წარსული და მომავალი თაობების წინაშე აღებული ვალდებულება. დიდება უფალს, დიდება უკრაინას. უკრაინელებისთვის ეკლესია სულიერი თავისუფლების და საყოველთაო თანხმობის გარანტიაა. ტომოსი უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარების კიდევ ერთი უტყუარი ფაქტია. ის გააძლიერებს რელიგიურ თავისუფლებას, კონფესიებს შორის მშვიდობას და მოქალაქეების თავისუფლებას,“-განაცხადა პეტრო პოროშენკომ.