19 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
მოტეხილი ყბა და ხელები -  თავდასხმა ბედობის ღამეს ახალციხეში და სასტიკად ნაცემი სამი მეთერთმეტე კლასელი  

ახალციხეში, ნაცემი სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ გამოძიებას ჩხუბში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები ჰყავს, თუმცა ჯერჯერობით პასუხს არავინ აგებს.

ახალციხეში 3 არასრულწლოვანს 30-მდე მამაკაცი თავს ბედობის ღამეს დაესხა. სასტიკად ნაცემია სამი მეთერთმეტე კლასელი ბიჭი. სკოლის მოსწავლეები კაჭკაჭიშვილების ოჯახში ახალ წელს აღნიშნავდნენ, გარეთ გამოსულებს კი ზრდასრულები დახვდნენ და გაურკვეველი მოტივით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ყველაზე მძიმედ სწორედ კაჭკაჭიშვილების ბავშვი დაშავდა. მას ცემის დროს ორივე ხელი მოტეხეს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან 5 დღე იყო გასული, უშუალოდ ამ ეპიზოდზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დღეს დაიწყო.

კაჭკაჭიშვილების სახლის ეზოს შემდეგ კონფლიქტი სხვა, დიდიმამიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა. ათობით მამაკაცისგან შემდგარი ჯგუფი, კაჭკაჭიშვილების სახლიდან გამოსულ ახალგაზრდებს აედევნენ და ფიზიკური მძიმე დაზიანებები მიაყენეს. 

ჩხუბის ორივე ეპიზოდს, უამრავი თვითმხილველი ჰყავს. მაგრამ იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, საჯაროდ საუბარს ყველა ერიდება. არსებობს ჩხუბის ვიდეოჩანაწერიც, რომელიც დიდიმამიშვილის ქუჩაზე დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.

პოლიციას ამ დროისთვის მხოლოდ 2 დაზარალებულის ჩვენება აქვს. არასრულწლოვნები მშობლების თანდასწრებით გამოიკითხნენ. მესამე დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში, ყბის მოტეხილობით რჩება. ის ჩვენებას გამოძიებას სავარაუდოდ ხვალ მისცემს.

ამ დროისთვის საქმის შესწავლა ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება და გამოძიება საქმეში მონაწილე პირებს სრულად გამოკითხავს, არ არის გამორიცხული ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები