24 აპრილი 2024,   01:43
ვრცლად
საშობაო მსვლელობა და შეგროვებული ნობათი - მართლმადიდებელმა მრევლმა მაცხოვრის შობა ზეიმით აღნიშნა 

21 საუკუნის წინანდელი უდიდესი მოვლენა დღეს კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. მოგვებმა, მეცხვარეებმა, ანგელოზებმა და მომლოცველებმა იესო ქრისტეს შობა იზეიმეს. უძველესი ტრადიცია უკვე 15 წელზე მეტია აღინიშნება.

საშობაო ალილოსთვის მომლოცველებმა შეკრება პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღის 2 საათიდან დაიწყეს. ადგილზე ურემში შებმული კამეჩები მიიყვანეს და შემოწირულობის შესაგროვებლად მოამზადეს. 6 კამეჩი ტრადიციულად, სოფელ მეტეხიდან ჩამოიყვანეს. საშობაო საგალობლებითა და ლოცვით მსვლელობას სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ.

მრევლი რუსთაველის გამზირის გავლით ჯერ პარლამენტთან გაჩერდა, შემდეგ საკრებულოსთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან.

3 საათიანი თეატრალიზებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. ალილოს მსვლელობის მონაწილეებმა საჩუქრები პატრიარქისგანაც მიიღეს. ილია მეორემ მრევლი დალოცა, შობის დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა.

ალილოზე შეგროვებული შემოწირულობა სამების ახალგაზრდულ ცენტრში დააბინავეს, ტანსაცმელს, ტკბილეულსა და ხილს მომდევნო 2 დღის განმავლობაში დაახარისხებენ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და საპატიმროებს დაურიგებენ. საშობაო მსვლელობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

ავტორი: თამთა ჯიქია, თამთა ჩიტიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები