25 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
წმინდა მიქაელის საავადმყოფოში მომხდარი ჩხუბი - კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს მწოლიარე რევაზ ნასიძე ექიმებს ხელებს და ფეხებს

წმინდა მიქაელის საავადმყოფოში მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრები - ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ურტყამს ექიმებს ხელებს და ფეხებს მწოლიარე რევაზ ნასიძე. ნასიძესა და ექიმს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ექიმის, ნუკრი ბერიშვილის, ცემით დასრულდა.

საავადმყოფოში ამტკიცებენ, რომ ნასიძე ექიმს ნარკოტიკულ ნივთიერებას სთხოვდა. ნასიძე უარის მიღების შემდეგ გაბრაზდა, აგრესიული გახდა და ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ექიმის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და 25 წლის მსახიობს ბრალი დღეს ოფიციალურად წაუყენეს.

ნასიძე ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას. ის პნევმონიის დიაგნოზით სამი დღის წინ ბოჭორიშვილის კლინიკაში მოათავსეს.

კლინიკაში მომხდარი ფაქტის რადიკალურად განსხვავებულ ვერსიას ყვება ნასიძის დედა და კონფლიქტის პროვოცირებაში კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს.

თამარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ მის შვილს ძლიერი თავის ტკივილები ჰქონდა და მორფს ან რაიმე ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს ამ მიზეზით ითხოვდა. ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, ექიმებმა ნასიძეს ყურადღება არ მიაქციეს და მისი გაღიზიანებას სწორედ ამან გამოიწვია.

აუცილებელი იყო თუ არა რევაზ ნასიძისთვის თავის ტკივილის გამო მორფის გაკეთება და ნამდვილად ამას მოჰყვა თუ არა კონფლიქტი მასსა და ექიმს შორის, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ბრალდებულისთვის კი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

დღის ამბები