19 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
"ეს არის უშუალო დავალება ბიძინა ივანიშვილისგან“ - ოპოზიცია TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ საუბრობს 

„ზოგადად, საქართველოში ვერანაირი ბიზნესი ვერ იმუშავებს, თუ მას მწვანე შუქი არა აქვს ანთებული უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან," - ამის შესახებ განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზალიკო უდუმაშვილმა, TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ გააკეთა. 

ზალიკო უდუმაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ფინანსურ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას.

უდუმაშვილი ამბობს, რომ ბანკში პროკურატურის შესვლა პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, არც ერთი საქმე, განსაკუთრებით როცა მსხვილ ბიზნესზეა საუბარი, არ იწყება პროკურატურაში ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩარევის გარეშე. 

„როდესაც საუბარია ისეთ მსხვილ ბიზნესზე, როგორიც არის საბანკო სექტორი, ეს პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის კონკრეტულ ფინანსურ ინტერესებს. როდესაც ამ ფინანსურ ინტერესებს ექმნება რაიმე სახის წინააღმდეგობა რომელიმე საბანკო სექტორის მხრიდან, ამ შემთხვევაში ერთვება უკვე ივანიშვილის პირადი სადამსჯელო მექანიზმი, რომელსაც ჩვენ პროკურატურას ვეძახით. შემდეგ უკვე ის ახორციელებს მის გეგმებს. სწორედ ამასთან გვაქვს ახალაც სავარაუდოდ საქმე. ზოგადად, ივანიშვილის სქემით მუშაობს დღეს პროკურატურა. არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც არის TBC ბანკში შესვლა, პროკურატურა თავისით ვერ მიიღებდა და ეს არის უშუალო დავალება ბიძინა ივანიშვილისგან,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

მთავარი საგამოძიებო უწყების TBC ბანკში შესვლას ბიძინა ივანიშვილის პირად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„ასეთი მსხვილი საქმეების შესახებ გადაწყვეტილებას ივანიშვილი პირადად იღებს და ეჭვი არც უნდა შეგვეპაროს, რომ აქ პროკურატურა მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოქმედებს. და, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ დღეს საქართველოში შექმნილი კლანურ-კორუმპირებული სისტემა დაიწყო პატარ-პატარა ბიზნესების შევიწროებით და ძალიან უჭირს დღეს ეკონომიკას და ბიზნესს ზოგადად და საბოლოო ჯამში, სისტემა არ გაჩერდა სახელმწიფო ინსტიტუტების მორყევაზე, სასამართლოს სრულ ჩამოშლაზე, არამედ ის ბუნებრივია, მიადგება აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

დღის ამბები