18 აპრილი 2024,   04:47
ვრცლად
"ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არის ყველაზე მთავარი" - განათლების მინისტრი სწავლის გადადების შესახებ საუბრობს

საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, სწავლის ერთი კვირით გადადების შესახებ განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით იქნა მიღებული, რათა არ მოხდეს ბავშვებისა და პედაგოგების დაინფიცირება. 

მინისტრი ამბობს, რომ 21 იანვრიდან, მოსწავლეები სწავლის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.  

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას, რომელიც ეხებოდა სწორედ ამ ვირუსების გავრცელებას და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სწავლის გადადებას ერთი კვირის განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა, ეს არის ყველაზე მთავარი და ვფიქრობთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგების ჯანმრთელობაც და ამ პერიოდის განმავლობაში სიტუაცია გამოსწორდება მნიშვნელოვნად და ერთი კვირის შემდეგ უკვე დაუბრუნდებიან ჩვენი მოსწავლეები სკოლას და გააგრძელებენ სწავლას,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის გადადების შესახებ განცხადება გააკეთა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახა გვანცელაძემ. მისი თქმით, ბაღებში სწავლა სკოლების მსგავსად, 21 იანვარს განახლდება.

„სააღმზრდელო პროცესი გადაიდო ერთი კვირით. 21 იანვარს განახლდება სააღმზრდელო პროცესი თბილისის საჯარო ბაღებში. რაც შეეხება მიზეზს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ქვეყანაში გავრცელებული გრიპის ვირუსებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს არ არის ეპიდემია, ჩვენ პრევენციის მიზნით მაინც გადავწყვიტეთ, რომ ერთი კვირით გავახანგრძლივოთ სააღმზრდელო პროცესის დაწყება,“ - განაცხადა კახა გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ დღეს მიიღო.

უწყება საგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს და სთხოვს გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად.

დღის ამბები