23 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
ქართული დემოკრატია სტრესის ქვეშ აღმოჩნდა - ტომ დე ვაალი დემოკრატიის ინდექსის ვარდნის მიზეზებს განმარტავს

ჟურნალ „ეკონომისტის“ ანგარიშს, რომლის მიხედვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოში, დემოკრატიის ინდექსმა ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, ბრიტანელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, ტომ დე ვაალი ეხმაურება. ექსპერტი კავკასიის საკითხებში იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც მისი აზრით, ინდექსის ვარდნა გამოიწვია.

ტომ დე ვაალის თქმით, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იყო, მაგრამ რთული და აგრესიული, რის გამოც დემოკრატია სტრესში მოექცა. მისი განცხადებით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რამაც დემოკრატიის ინდექსი ქვემოთ დასწია.

ტომ დე ვაალი კიდევ ერთ მიზეზად სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემას ასახელებს. მისი თქმით, როდესაც ერთი პარტია დიდხანს რჩება ხელისუფლებაში, ეს საშიშროებას წარმოადგენს.

"საქართველოსთვის 2018 რთული წელიწადი იყო. საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იყო, მაგრამ რთული და აგრესიული. აშკარად გამოწვია კამათი და ქართული დემოკრატია სერიოზული სტრესის ქვეშ აღმოჩნდა. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ დაიწია დემოკრატიის ინდექსმა. მეორე მიზეზი სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებია. კერძოდ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. აქვს თავისუფალი მედია, ატარებს თავისუფალ არჩევნებს. მაგრამ ყოველთვის საშიშროებას წარმოადგენს, როდესაც ერთი პარტია დიდხანს რჩება ხელისუფლებაში. ეს ვნახეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და შევარდნაძის პარტიის მმართველობის დროსაც. ყოველთვის უკეთესია, არსებობდეს ძალაუფლების დაბალანსებული გადანაწილება,“- განაცხადა ტომ დე ვაალიმ.  

გავლენიანი ჟურნალის "ეკონომისტის" კვლევისა და ანალიზის შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოში დემოკრატიის ინდექსმა ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებულმა დაპირისპირებამ.

კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების სიაშია, თუმცა გაუარესებული ინდექსით. 2017 წელს საქართველო 5.93 ქულით იყო შეფასებული, წელს კი ის 5.50-ნიშნულამდე დაეცა. კვლევაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების შემდეგ მთავრობის პოლიტიკა შეიცვალა.

„ეკონომისტის“ მკვლევარებს მაგალითად მოჰყავთ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისას გამოცხადებული მთავარი მიზეზი: "უთანხმოება ბატონ ივანიშვილთან" და არა "ხალხის მასობრივი უკმაყოფილება" მთავრობის საქმიანობის მიმართ.

ამავე თემაზე
დღის ამბები