18 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობაში არსებობს მწვავე დაპირისპირება - თამარ ჩუგოშვილი

კრიზისი და დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ - დაპირისპირებული დეპუტატები შესაძლოა "ოცნებიდან" გარიცხონ. მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით დაწყებული დაპირისპირების შემდეგ დღის წესრიგში ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვის საკითხი დადგა, თუმცა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხის გაცემისგან „ოცნების“ დეპუტატები თავს იკავებენ.

კომენტარისგან თავს იკავებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც. თუმცა, ის აღიარებს, რომ მმართველ პარტიაში მწვავე დაპირისპირებაა.

"მე ვერ გეტყვით, საბოლოოდ, როგორ წავა ეს პროცესი. შევძლებთ თუ არა, რომ თვითონ უმრავლესობის შიგნით ისე დალაგდეს ეს ყველაფერი, რომ გადავლახოთ ეს კონფლიქტი, თუ დამთავრდება ეს იმით, რომ ან თავად რამდენიმე წევრი მიიღებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას ან პარტია მიიღებს რამდენიმე წევრთან დამშვიდობების გადაწყვეტილებას, მე ამას ვერ გეტყვით, ჩემთვის რთული სათქმელია,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მან შეფასებისას მხოლოდ ის თქვა, რომ უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

„მე მოლოდინი მაქვს ამ განცხადების წაკითხვის შემდგომ, რომ ეს პროცესი წარიმართება სწორად. ანუ ჯერ სწორი კანონის მიღებით და შემდეგომ უკვე იმ კანონის მიხედვით კანდიდატურების შერჩევის. კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა ანუ ვინც არ უნდა შემოგვთავაზონ, ყველა გვართან დაკავშირებით ინდივიდუალური კენჭისყრა უნდა ჩატარდეს და ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა  ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ აღნიშნული სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

დღეს კი ეკა ბესელიას ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა  ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია დეპუტატის ქმედებები და განცხადებები. ივანიშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის მეტი დრო დაიტოვა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათკაციან სიაში შედიან : მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები