20 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
ტრაგედია ჭავჭავაძეზე - ავარიის მონაწილე მძღოლისთვის ბრალის წარსადგენად გამომძიებლები კლინიკაში მივიდნენ 

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. სასწრაფო დახმარების მძღოლი ისევ საავადმყოფოში, კერძოდ კი "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" რჩება.  

ადვოკატის თქმით, არანაირი ზომები არ არის მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების მედპერსონალის დასვენება უზრუნველყოფილი იყოს. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლი გადაღლილი იყო და, სავარაუდოდ, ჩაეძინა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.

„იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასარკვევია. მაგალითად, ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, რომ ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩასძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს. რომ წარადგენენ ბრალდებას უნდა წავიკითხო, რაში სდებენ ბრალს. რა გააკეთა. მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არა მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი", - განაცხადა თალაკვაძემ.

სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გუშინ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა. ტრაგიკული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დილით 8:00 საათზე მოხდა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 12-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის მედპერსონალმაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები