18 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
კრიზისი "ოცნებაში" და ივანიშვილის განაჩენი - პარტიის ლიდერი ეკა ბესელიას ღიად დაუპირისპირდა 

„ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური კრიზისი და დაპირისპირება გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი თანაგუნდელებს უკვე ღიად აკრიტიკებს. საგანგებო წერილობითი მიმართვის მთავარი ადრესატი ეკა ბესელიაა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს გუნდური პრინციპებისა და რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. ძველ გვარდიას წითელი ბარათი უჩვენა.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ გუნდის ლიდერს პარიზიდან უპასუხა და ორშაბათს სკანდალური განცხადების გაკეთება დაანონსა.  

ბიძინა ივანიშვილს ეკა ბესელიას თანამოაზრემ, გედევან ფოფხაძემაც უპასუხა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განცხადებაში ახსენა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ექსპრემიერს მოსამართლეების შესახებ პოზიციის ღიად გამოხატვისკენ მოუწოდა და საარჩევნო დაპირებები შეახსენა.

ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა განცხადებები გააკეთეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკი, ეკა ბესელიასთან ერთად გუნდში ადგილს ვერ ხედავს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ბოლო დროს კამერების წინ არ ჩნდებოდა, „რუსთავი 2"-თან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. სიას ეკა ბესელიამ ბოიკოტი გამოუცხადა, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად სწორედ აღნიშნული სია დაასახელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები