19 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
მოსამართლეთა ე.წ. შავი სია - ყოფილი მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს უერთდებიან

უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია - ივანიშვილის ვრცელი და კრიტიკული განცხადება, პოლიტიკოსების მსგავსად განაჩენი იყო მოსამართლეებისთვისაც. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც ხშირად ახმოვანებს საბჭოს გადაწყვეტილებებს, სოციალურ ქსელში ივანიშვილის მისამართით აღფრთოვანებით წერს.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები "ოცნების" ლიდერით კმაყოფილი არიან, მაგრამ იზრდება უკმაყოფილოთა წრეც. ყოფილი მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს უერთდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ სასამართლოს დღეს ნდობის დეფიციტი აქვს.

თეიმურაზ თოდრია, რომელიც უზენაეს ინსტანციაში 10 წელი მუშაობდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ურჩევს, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაა, არა პირადი, არამედ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მიიღოს.

ყოფილი მოსამართლეები დღეს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ, ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდნენ. მიზეზი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ხმაურიანი პროცესია, რომელიც უკვე ორი კვირაა საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების დღის წესრიგს განსაზღვრავს. ყოფილი მოსამართლეების ნაწილს 10-კაციან სადავო სიაში მოხვედრილ ყოფილ კოლეგებზე საუბარი არ სურს, თუმცა იუსტიციის საბჭოს დახურულ კარს მიღმა მიღებულ გადაწყვეტილებებს უწუნებს. 

ყოფილ მოსამართლეებსა და იურისტებს შეხვდნენ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც გეგმავენ კანდიდატების სადავო სიას ერთობლივი სამოქმედო გეგმა დაუპირისპირონ. შეხვედრის მონაწილეების ნაწილი ღიად ამბობდა, რომ მოსამართლეთა გავლენიან ე.წ. კლანს პოლიტიკური ხელისუფლებისგან მწვანე შუქი აქვს და ეს დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებითაც დადასტურდა. 

ბრალდებების მთავარ ადრესატებს, საბჭოს მოსამართლე წევრებს, დღეს დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებიათ. ერთადერთი იყო თავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელმაც ”ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი განცხადების გამო საჯაროდ შეაქო და პრობლემისადმი გონივრული მიდგომა მოუწონა.

უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები კი მომავალ კვირას პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავენ. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკუთარ ვერსიას შესთავაზებენ.

დღის ამბები