19 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
თაღლითური სქემა, რომელსაც 59 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - საპატრიარქოს სახელით ათასობით დოლარი მიითვისეს

საპატრიარქოს სახელით მითვისებული ათასობით დოლარი და მოტყუებული მოქალაქეები, რომლებიც სამი წელი საზღვარგარეთ დასაქმებას უშედეგოდ ელოდებიან. ბეჟან ხურციძის საქმიანობას უკვე გამოძიება სწავლობს, თუმცა თაღლითურმა სქემამ უკვე იმსხვერპლა 59 წლის მამაკაცი, რომელიც იძულებული გახდა სხვისი ვალების გასასტუმრებლად საკუთარი სახლი დაეტვირთა იპოთეკით.

ოჯახის ინფორმაციით, გოჩა ჭეიშვილი თაღლითური გზით დაკარგულ 13 ათას დოლარზე ნერვიულობის გამო გარდაიცვალა.

დაზარალებულები ყვებიან, რომ მოქალაქე ბეჟან ხურციძე საპატრიარქოს სახელით ადგილობრივებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჩასვლას და იქ დასაქმებას ჰპირდებოდა. სანაცვლოდ კი, მსურველებისგან წინასწარ ათასობით ლარს იღებდა.

რამდენიმეთვიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ სხვა ქვეყანაში წასვლის მსურველებმა თანხის უკან დაბრუნება გოჩა ჭეიშვილს მოსთხოვეს. შუამავალი იძულებული გახდა, სხვისი ვალის გასასტუმრებლად საკუთარი საცხოვრებელი ბინა იპოთეკით დაეტვირთა.

ყველა დაზარალებული დარწმუნებულია, რომ ბეჟან ხურციძე საპატრიარქოს სახელს მათი ნდობის მოსაპოვებლად იყენებდა და ათასობით ლარი ასე მიითვისა. მოვალეები ჰყვებიან, რომ თაღლითობაში ბრალდებულმა თანხის დაკარგვაში საპატრიარქო დაადანაშაულა.

ბეჟან ხურციძე პოლიციამ უკვე დაკითხა. მას წაყენებულ ბრალდებებზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ ყველაფერს გამოძიება გაარკვევს.

ბეჟან ხურციძე გელათის სასულიერო აკადემიაში ათობით წელი მუშაობდა. ის ერთ-ერთი გავლენიანი მიტროპოლიტის ქუთათელ-გაენათელ კალისტრატესთან დაახლოვებული პირია. სწორედ მან დანიშნა წლების წინ ხურციძე აკადემიის პრორექტორად.

უკვე სამი წელია, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თაღლითობის მუხლით აწარმოებს. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულების ვერსია გამოძიებამაც დაადასტურა, ბეჟან ხურციძეს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები