19 იანვარი 2019,   05:19
ვრცლად
ივანიშვილმა გადააგდო ყველა ის ადამიანი, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში მისი გამარჯვება უზრუნველყო - გია ხუხაშვილი

„ფაქტობრივად, მან დღევანდელი განცხადებით გადააგდო ყველა ის ადამიანი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უზრუნველყო მისი გამარჯვება,“- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის საგანგებო განცხადება, რომელიც მოსამართლეების შერჩევას და გუნდში არსებულ დაპირისპირებას ეხება.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა, ექსპრემიერის მიმართვას კაჭრეთის მანიფესტი უწოდა.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ კობახიძემ თავისი ციტატები შეაგროვა, დაწერა და ბიძინა ივანიშვილს ხელი მოაწერინა. ბიძინა ივანიშვილს დღემდე ჰქონდა შანსი და კომფორტი, რომ ამ მანკიერი პროცესიდან, რომელიც მიმდინარეობს ავგიას თავლაში, ანუ იუსტიციის საბჭოში, დისტანცირება მოახდინა და პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კობახიძის ჯგუფისთვის. დღეს მან თქვა, რომ ეს ჩემი პროცესია. მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვები და იუსტიციის საბჭო ჩემი საყვარელი შვილები არიან. ესენი არიან მისი საყვარელი შვილები? ამ შვილებით მოიგოს არჩევნები მომავალში,"- განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე წერილობითი განცხადება დღეს გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

დღის ამბები