24 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
ახალი წლის ღამეს ახალციხის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები უსამსახუროდ დარჩნენ

ახალი წლის ღამეს ახალციხის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტელეფონით შეიტყვეს, რომ სამსახურის გარეშე დარჩნენ. მათთვის გათავისუფლების მიზეზი არავის განუმარტავს. თანამშრომლების ნაწილი ვარაუდობს, რომ პოლიტიკური სიმპატიების გამოხატვის მსხვერპლი გახდა და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავს.

ნატალია ვლასოვა, რომელმაც 10 წელი ახალციხის დასუფთავების სამსახურში იმუშავა, ვარაუდობს, რომ ხელმძღვანელობა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, განაწყენდა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალციხის დასუფთავების სამსახურის უფროსმა მას სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო და თანამშრომელთან მცირე შელაპარაკებაც მოუვიდა.

ახალციხის დასუფთავების სამსახურის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, სოფიკო ბერიძემ საყვედური სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მოწონების და კომენტარების გამო მიიღო. მისი თქმით, ხელმძღვანელობა სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა. 

ახალციხის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი კურტანიძემ სატელეფონო საუბარში ბრალდებები თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ კატეგორიულად უარყო. კურტანიძის თქმით, ისინი სამუშაოს ჯეროვნად ვერ ასრულებდნენ.

ახალციხის მერიისადმი დაქვემდებარებული სსიპის მიმართ დასუფთავების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებს სხვა პრეტენზიაც აქვთ. ისინი კორუფციაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ცოცხებსა და აქანდაზებს თანამშრომლებს იმ რაოდენობით აღარ აძლევენ, როგორც ადრე. მათი განცხადებით, ასევე დასალაგებლად დაუმატეს ქუჩები, რაშიც თანხას არ უხდიან.

დღის ამბები