24 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
ეს იქნება დამოკიდებული თავად ეკას ქმედებებზე - კახიანი ბესელიას "ქართული ოცნებიდან" შესაძლო გარიცხვაზე 

მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება. უთანხმოების გაცხადებული მიზეზი კვლავ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიაა, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინ გავრცელებული კრიტიკული განცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის დეპუტატთა ნაწილი ღიად ამბობს, რომ ეკა ბესელია გუნდს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ დაპირისპირება ისე გამწვავდება, რომ ერთად ყოფნა შეუძლებელი გახდება.

თუმცა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ჯერჯერობით „ოცნებას“ ბესელიას და მისი თანამოაზრეების გარიცხავზე არ უმსჯელია.

„მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს უმრავლესობა არ ყოფილა და იმედი მაქვს, რომ ეს მსჯელობა არც მოგვიწევს, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ეს იქნება დამოკიდებული თავად ეკას ქმედებებზე. იმედი მაქვს , რომ ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, მისი უმრავლესობიდან გაყვანის თაობაზე, თუმცა რა თქმა უდნა გუნდურობის პრინციპი, გუნდურობის იდეა უნდა იყოს დაცული და დაპირისპირება იმდაგვარ სახეს მიიღებს, რომ უკვე ერთად ყოფნა იქნება შეუძლებელი, ბუნებრივია ამის შემდგომ უკვე შესაბამისი მსჯელობებიც იქნება,“-აცხადებს გიორგი კახიანი.

დაპირისპირება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო. პროტესტის ნიშნად, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ფოფხაძის არჩევისას რეგლამენტი დაირღვა, რის გამოც ის ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს. 

ბესელიას წინააღმდეგ ე.წ. ახლებს მხარს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უჭერს, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილმა ბესელია და ფოფხაძე მკაცრად გააკრიტიკა. მმართველი პარტიის სხდომაზე შესაძლოა ბესელია და ფოფხაძე მმართველი გუნდიდან გარიცხონ.

დღის ამბები