20 მარტი 2019,   01:56
ვრცლად
პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რჩევა თუ მითითება, - ზურაბიშვილი მოსამართლეთა სიაზე საუბრობს

„მე პირადად არაფერს არ ვურჩევ,“ - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირებას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით პოზიციას ვერ დააფიქსირებს, რადგან მათი შერჩევა პარლამენტის და სასამართლოს პრეროგატივაა.

„პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რჩევა თუ მითითება, თუ როგორ უნდა შედგეს სია. ეს არის გადასაწყვეტი იმ პირების და შტოებისგან, რომლებიც არიან მონაწილე ამ პროცესის, ეს არის სასამართლო შტო და პარლამენტი. პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა 10-კაციან სიაში შესული მოსამართლეების კანდიდატურების შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველ პირისგან მიუღებელია მსგავსი პოზიციის დაფიქსირება.

სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის დააკვირდება, თუ როგორ წარიმართება სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა. ზურაბიშვილის შეფასებით, სასამართლოს რეფორმა დემოკრატიის ქვაკუთხედია და უცხოელი პარტნიორების ნდობასაც სწორედ მართლმსაჯულების სისტემის არსებობა განაპირობებს.

დღის ამბები