ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის გათავისუფლების შემდეგ, დ.ღ.-ს მამამ, კახა ღლონტმა პირველი კომენტარი გააკეთა.
არასრულწლოვნის მამის თქმით, მისი შვილი უდანაშაულოა და დ.ღ. 6 თვის განმავლობაში დაკავებული არ უნდა ყოფილიყო.
„აქამდეც არ უნდა გაეჩერებინათ ბავშვი, ეს 6 თვე არ უნდა ყოფილიყო ბავშვი იქ, სადაც იყო, აქამდეც შეიძლებოდა გირაოთი გაეშვათ,“- განაცხადა კახა ღლონტმა.
დ.ღ.-ის ადვოკატის თქმით, დღემდე 90-მდე მოწმე დაიკითხა და ბრალდებულის მიმართ ბრალი არ დასტურდება.
დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. მას პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
გადაწყვეტილება, თითქმის, ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.
დ.ღ.-ს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებაა არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამრთლო პროცესები ასრულდება. მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა. მომდევნო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა, რომელსაც დ.ღ. დაესწრება და დაიწყება მისი ადვოკატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევა. ამის შემდეგ კი სასამართლო ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.