20 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
ასეთ თემებზე ლაპარაკი ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია - პაპუაშვილი "ოცნების" ზოგიერთი წევრის შესაძლო გარიცხვაზე საუბრობს

პოლიტიკური კონსულტაციები პარლამენტში - ეკა ბესელიას მხარდამჭერები ზაზა პაპუაშვილთან შეიკრიბნენ და ერთი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა თათბირობდნენ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი მოსამართლეთა სიის შედგენისას პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. პაპუაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა წარდგენილ სიას, მხარს არ უჭერს.

რაც შეეხება მმართველი გუნდიდან ე.წ. ამბოხებული დეპუტატების გარიცხვას, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ თანაგუნდელების მიერ მსგავს დაყოფას არ მიესალმება და გარიცხვაზე საუბარს არასერიოზულს უწოდებს.

„ამ სიას მხარს მე არ ვუჭერ. აქ ლაპარაკი არის, რა პროცედურები უნდა იყოს გაწერილი და როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს მიერ შემოტანა სიის პარლამენტისთვის. მეტი გამჭვირვალობა იყოს და საზოგადოებამ დაინახოს, რომ პრობლემები წყდება გამჭვირვალედ. თუ ბურთით ჩავამტვრევ შუშას ან მასწავლებელს მოვპარავ ჟურნალს, შეიძლება გამრიცხონ სკოლიდან, სხვა ასეთ თემებზე ლაპარაკი მე ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია. დაპირისპირებას არ ვემხრობი, უზრდელობას არ ვემხრობი, უხამსობას და უტაქტობას პრინციპებიდან გამომდინარე არ ვემხრობი. ტერმინები ძველები და ახლები, სირცხვილია ამაზე საუბარი, ამბოხებული დეპუტატები, ეს ტერმინი, მე ვფიქრობ, ზედმეტია და არ შეიძლება ასე კოლეგებზე იყოს საუბარი,“ - ამბობს პაპუაშვილი.

მოსამართლეთა 10-კაციან სიას რომ ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს მმართველ პარტიაში, ამაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი. მისი შეფასებით, აღნიშნული სია არ გავა.

„არ მინახავს არცერთი, რომელიც ამას მხარს უჭერს, ამას მინდა, ხაზი გავუსვა. არ მგონია უბრალოდ, რომ ეს სია გავიდეს. მაშინ თუ ჩვენ მეამბოხეები ვართ და თუ ჩვენ არ უნდა მოგვისმინონ, მაშინ პროფესიონალ კომფორმისტებს მოუსმინონ და უფრო უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებენ,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში 10-კაციანი სიის გადაგზავნის შემდეგ დაიწყო, სადაც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების კანდიდატები იყვნენ წარდგენილი. დაპირისპირების დროს ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა, ეს გადაწყვეტილება კი ბიძინა ივანიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა.

დღის ამბები