23 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
მოსამართლეთა 10-კაციანი სია - უმრავლესობა არასამთავრობო სექტორის მხრიდან მწვავე ბრალდებების ადრესატია

სკანდალური სიის 10 ფიგურანტი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რჩეული კანდიდატებიდან სულ მცირე 7 პირი არასამთავრობო სექტორის მხრიდან პრეტენზიებისა და მწვავე ბრალდებების ადრესატია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლო სისტემაში მისვლამდე 11 წლის წინ თბილისის მთავრობაში ჯერ საკრებულოს, შემდეგ კი მერიის იურისტად მუშაობდა. მოსამართლე გვრიტიშვილის სახელს რამდენიმე რეზონანსული გადაწყვეტილება უკავშირდება.

გვრიტიშვილმა 2012 წელს "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას 5 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, რადგან კომპანიის მიერ წინასაარჩევნოდ „ოცნებისთვის" 60-მდე ოფისის დაქირავება და გარემონტება უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.  

არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება ასევე გიორგი მიქაუტაძის სახელს. მოსამართლე მიქაუტაძის გვარი საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად 2012 წელს მოექცა, რანდენიმე გახმაურებული გადაწყვეტილების გამო.

მიქაუტაძემ წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური პარტიების უკანონო შემოწირულობებისთვის 17 პირი, ჯამში, მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა. მათ შორის ყველაზე დიდი თანხა - 60 ათასი ლარი "ქართული ოცნების" წევრს, ზაალ გოგსაძეს დააკისრა, რის გამოც მოსამართლემ პარტიის მხრიდან არაერთი საჯარო ბრალდება მოისმინა.

არაფორმალური მმართველების ლიდერად და სასამართლოს ყველაზე გავლენიან მოსამართლედ მესამე სექტორი მიხეილ ჩინჩალაძეს მიიჩნევს, რომელიც 10-კაციანი სადავო სიიდან ერთ-ერთია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და უვადო მოსამართლეა. სასამართლო ხელისუფლებაში გადასვლამდე ის მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო. ასევე იყო შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურორი.

2007 წლიდან 10 წლის განმავლობაში კი ის სასამართლოს უზენაესი ინსტანციის მოსამართლისა და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 10 წლის განმავლობაში ჩინჩალაძეს განხილული აქვს რეკორდულად მცირე რაოდენობის საქმე, მაგალითად იყო წლები, როცა მხოლოდ ერთ საქმეს განიხილავდა. რის გამოც ის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

არასამთავრობო სექტორში დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ მიხეილ ჩინჩალაძის მიმართ ერთგულებაა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც უზენაესი ინსტანციის მოსამართლეობის 10 კანდიდატი შეირჩა. უფლებადამცველების ინფორმაციით, 5 მათგანი, სხვადასხვა დროს, მიხეილ ჩინჩალაძესთან მუშაობდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრების გარდა, 10 კანდიდატს შორის არიან, საბჭოს ყოფილი წევრებიც - მერაბ გაბინაშვილი და თამარ ალანია, რომელსაც საზოგადოება გვანცა ყუფარაძისა და მუხროვანის ამბოხის საქმეებიდან იცნობს.

სიაშია კიდევ რამდენიმე რეზონანსული საქმის მოსამართლე. ნინო სანდოძე, რომელმაც "ყაზტრანსგაზის" ყოფილ დირექტორს, გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა და უზენაესი ინსტანციის მოსამართლე პაატა სილაგაძე, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

 

დღის ამბები