23 აპრილი 2019,   17:02
ვრცლად
„თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები გააქტიურდა

სოციალური ქსელი „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის შეკვეთილმა და დაფინანსებულმა კამპანიამ მოიცვა. ორი დღეა, ათობით Facebook-ზე ვრცელდება სხვადასხვა მასალა, რომლის მიზანიც ხაზარაძის დისკრედიტაცია და პროკურატურის ინფორმაციის გამყარებაა. გამოძიება ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ჯგუფს ფულის გათეთრებას ედავება.

ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებებით ბანკის საქმეზე წინასწარი ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ, მამუკა ხაზარაძე თავდასხმის ობიექტი ახლა შეკვეთილი და დასპონსორებული გვერდებისგანაა. სავარაუდოდ, ასეთი გვერდები ხელისუფლებიდან იმართება. გვერდი ხაზარაძის დისკრედიტაციის შემცველი მასალის გამოქვეყნების პარალელურად, პოპულარიზაციას მხოლოდ მთავრობის ინიციატივებს უწევს.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური თავდასხმების ადრესატია არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლის აქტიური წარმომადგენლების შესახებ დაფინანსებულ ანტიკამპანიაზე ინფორმაცია არაერთ ანგარიშში მოხვდა.

მსგავსი გვერდები საპრეზიდენტო არჩევნების წინაც შეიქმნა და რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით გააქტიურდა მეორე ტურისთვის. მიზანი ხელისუფლების მთავარი ოპონენტის დისკრედიტაცია იყო. მედიამკვლევარების ნაწილი ღიად საუბრობს, რომ ეს კამპანია ბიუჯეტის ფულით ფინანსდება. მათი თქმით, პერსონალური თავდასხმა საგანგებოდ შერჩეულ პირებზე რუსული მეთოდია.

მსგავსი გვერდები ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, „რუსთავი 2"-ის, მისი დირექტორისა და „კურიერის“ ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნითაც იქმნება. ასევე, ბოლო დღეებში ცრუ გვერდების და დასპონსპორებული სტატიების მეშვეობით სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას წინააღმდეგ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება.

დღის ამბები