19 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
„მოსახლეობა გაიგებს, ვინ კერავს საქმეებს" - დავით კირკიტაძის გამოსვლა სასამართლო პროცესზე

დავით კირკიტაძის საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება, სასამართლო პროცესი გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენელს ბრალდების მხარე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ასევე, ბრალდებამ გირაოს სახით მისი მამის კუთვნილი ბინის აღსრულებაში გადაცემა მოითხოვა.

მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.

ბრალდების მხარის განცხადებით, გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კირკიტაძე კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა, კონკრეტულად კი მისი ძმის სასარგებლოდ.

სასამართლო პროცესზე სიტყვით დავით კირკიტაძე გამოვიდა. ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ბრალს აბსურდულს უწოდებს.

„საქართველოს მოსახლეობა გაიგებს, ვინ კერავს საქმეებს, თქვენ ხართ საბჭოთა სისტემის უკანასკნელი გადმონაშთი,“- აღნიშნა კირკიტაძემ.

რა განაჩენს გამოიტანს საქმეზე საქალაქო სასამართლო, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

დღის ამბები