24 აპრილი 2024,   13:22
ვრცლად
დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრება

დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრება, თუ დემოკრატები მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად თანხების გამოყოფაზე კვლავ უარს იტყვიან. საუბარია 5 მილიარდ 700 მილიონ დოლარზე.

უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ სადავო კედლის ასაშენებლად შესაძლოა, სამოქალაქო პროექტებისთვის განკუთვნილი თანხები გამოიყენონ. თეთრ სახლსა და კონგრესს შორის არსებული უთანხმოების გამო 20 დღეა, შეერთებული შტატების მთავრობა არ მუშაობს.

ამერიკელი მესაზღვრეები ინტენსიურ წვრთნას გადიან, რა ზომები უნდა მიიღონ მექსიკიდან მიმავალი არალეგალი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად.

დონალდ ტრამპი კედლის მშენებლობის ალტერნატიულ გზას განიხილავს და იმ შემთხვევაში თუ კონგრესი მხარს არ დაუჭერს მის გეგმას, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ეს პრეზიდენტს საშუალებას მისცემს კონგრესის გვერდის ავლით კედლის მშენებლობისთვის სახსრები სხვა პროექტებიდან მოიძიოს.

დემოკრატები, რომლებიც ქვედა პალატას აკონტროლებენ, ტრამპის გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. პრეზიდენტი უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონპროექტს მთავრობის დაფინანსების შესახებ თუ მასში კედლისთვის 5 მილიარდ 700 მილიონი არ იქნება გათვალისწინებული. დემოკრატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს ამერიკელი ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი და მას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებენ.

უკვე 20 დღეა, ამერიკის სამთავრობო დაწესებულებები არ მუშაობს. 800 ათასს საჯარო მოხელეს 22 დეკემბრიდან ხელფასი არ აუღია.

მეორე აქცია კაპიტოლიუმთან ავიადისპეჩერებმა გამართეს. მათ შეუერთდნენ აეროპორტების დაცვის თანამშრომლებიც, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა უხელფასოდ მუშაობენ.

მექსიკის საზღვართან დამცავი კედლის აშენება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირებაა, მაგრამ საკვანძო დავის საგანი დემოკრატებთან და ასევე თანაპარტიელ რესპუბლიკელებთანაც.

ეგრეთ წოდებულმა შათდაუნმა უკვე რეკორდიც მოხსნა. 1995 წლის შემდეგ მთავრობის მუშაობა ასე ხანგრძლივად პარალიზებული არ ყოფილა.

დღის ამბები