19 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
ხაჯიმბას ვენესუელას პრეზიდენტთან შეხვედრა - ოპოზიცია ხელისუფლებას არაღიარების პოლიტიკის გააქტიურებისკენ მოუწოდებს

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვენესუელას პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას არაღიარების პოლიტიკის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია სასწრაფო რეაგირება და დიპლომატიური არხების გააქტიურება.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, რუსეთი განაგრძობს მუშაობას ოკუპირებული რეგიონების მხარდასაჭერად და არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს ტერიტორიები ლათინური ამერიკის ქვეყნებმა აღიარონ.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია, საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეხვედრის შესახებ უწყებას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, ამბობს, რომ რუსეთი შეტევის ახალ ტალღას იწყებს, რაც ხელისუფლებამ პარტნიორებთან მუშაობით უნდა აირიდოს.

„ახლა რუსეთი იწყებს შემოტევის მეორე, ძალიან სერიოზულ ტალღას, რომელიც საჭიროებს გაცილებით მეტ მუშაობას ჩვენი საგარეო უწყების მხრიდან, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს მუშაობა უნდ აიყოს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ამ წლებში სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ გაძლიერებულ მუშაობას იმიტომ, რომ სწორედ ეს მოვლენები, რასაც დღეს ვხედავთ, არ უნდა იყოს დაწყებული,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციების შესუსტებაზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე.

მისი თქმით, რთული იქნება დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში სერიოზული საერთაშორისო გამოხმაურების მიღწევა.

„როდესაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, როდესაც ამდენი ხანია, ამერიკის ელჩს არ დანიშნავ, პრაქტიკულად, ყველაფერს აკეთებ, რომ შეეწინააღმდეგო იმ პრინციპებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გასამტკიცებლად და ამ ყველაფერს იმით აგვირგვინებ, რომ ქვეყანას თავზე ასვამ ადამიანს, რომელიც ლაპარაკობს, რომ რუსეთთან ომი ჩვენ დავიწყეთ, ბუნებრივია, საქართველოს პოზიციები, სამწუხაროდ, ძალიან შესუსტებულია,“ - განაცხადა ბარამიძემ.

რაულ ხაჯიმბა სალვადორში იმყოფება, სადაც ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაღიარებულ სანჩეს სერენოსთან ერთად, აფხაზი და სალვადორელი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე საუბრობს.

დღის ამბები